ანაკლია აგვისტოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს “ლისი აილენდს” უმასპინძლებს. ღონისძიება მდინარე ენგურზე, კუნძულის ტერიტორიაზე გაიმართება. ფესტივალზე ქართველი დიჯეები დაუკრავენ.
ორგანიზატორმა ლაშა წურწუმიამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ სურვილი აქვთ ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართოს და მომავალ წელს უკვე “ექოვეივთან” ერთად დაბრუნდეს:
“თბილისში ტარდებოდა ასეთი ფესტივალი “ლისი ვუდი”. ამ ფესტივალის გასტროლებია ანაკლიაში. გაიმართება ყოველწლიურად. “ექოვეივი” აგვისტოში იქნება, ეს ფესტივალი კი ერთი თვით ადრე. ასე რომ, ანაკლიას ორი ფესტივალი ექნება. უცხოელი ტურისტების და დიჯეების ჩამოყვანა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ გადაიდო მომავალ წლამდე “ექოვეივი”. ეს ღონისძიება კი უფრო ლოკალურია”.
ლაშა წურწუმიას ინფორმაციით, პირველი კალათის ბილეთები, რომლის ფასიც 80 ლარია, უკვე გაიყიდა. მეორე და მესამე კალათის ბილეთების ღირებულება 100 და 130 ლარია.
ფესტივალი სამდღიანია და 21-დან 23 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. აქ მხოლოდ 21+ ასაკის მოქალაქეები დაიშვებიან.
ღონისძიება, რომელიც “ექოვეივისგან” განსხვავებით მცირე რიცხოვანია, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება.
“ყველა გაიდლაინი, რაც კორონავირუსს ეხება, დაცული იქნება ღია სივრცეში. მუსიკალური ფესტივალი იქნება თუ ღია სემინარი, დიდი განსხვავება არ არის. გაიდლაინი ერთია ყველასთვის. ყველაფერი იქნება დაცული”, – ამბობს ლაშა წურწუმია.