ფოთში მოდერნის სტილში აშენებული 2 შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო

800

სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მხატვართა სკოლის რეკონსტრუქცია დაიწყო. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

უშიშროების შენობა მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის იანვარში გადაეცა.

მანამდე ის „ვისოლ პეტროლიუმის“ შვილობილი კომპანიის „ველაჯიოს“ საკუთრება იყო. შენობის სავალალო მდგომარეობის შესახებ „ლაივპრესმა“ მასალა არაერთხელ მოამზადა.

მოდერნის სტილში, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი შენობა გასული საუკუნის დასაწყისში, 1901-1910 წლებში გერმანელმა არქიტექტორმა ედმუნდ ფრიკიმ ააშენა. ხელოვნებათმცოდნეების აზრით, სახლი თავდაპირველად ერთ-ერთ ვაჭარს ეკუთვნოდა, რომელიც ქვანახშირის ბიზნესში წილების მფლობელი იყო. მისი მშენებლობა ნიკო ნიკოლაძის მმართველობის პერიოდს უკავშირდება, როცა ქალაქის თავმა ნავსადგურის მოწყობა, ქალაქის დაგეგმარებითი რეკონსტრუქცია და ურბანული არქიტექტურის განვითარება დაიწყო.