ზუგდიდის საკრებულომ უსახელო ქუჩას და ამ ქუჩის I ჩიხს, რომლის სათავედ განისაზღვრა ილია ვეკუას ქუჩის გადაკვეთა და ქუჩა გაგრძელდა სლავა მეტრეველის ქუჩის მიმართულებით, მიანიჭა ალექსანდრე ჩიქავას სახელი. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ალექსანდრე ჩიქავა დაიბადა 1882 წელს, ზუგდიდის სოფელ შამგონაში. მუშაობდა მასწავლებლად. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სამეგრელოს კომიტეტის წევრი, რისთვისაც მეფის რუსეთის დროს დაპატიმრებული იყო. 1917 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის წევრი გახდა. შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, რის გამოც ბოლშევიკებმა სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად დახვრიტეს.
ასევე, ზუგდიდელი ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის სახელი მიენიჭა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩის მიმდებარედ ერთ-ერთ მონაკვეთს. გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს მიიღო.
შესაბამისი განცხადებით მსახიობებმა, მხატვრებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ზუგდიდის საკრებულოს რამდენიმე თვის წინ მიმართეს.
აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის დროის საკითხები, სამეგრელოს სამთავროს ისტორია, ჩიქვანთა გამთავრების ისტორიიდან სამეგრელოში, ცაიშის საეპისკოპოსო ნაწილია ისტორიკოსის ნაშრომების.
აბესალომ ტუღუში წერდა ასევე მეგრული გვარების და საქართველოს ფეოდალური ხანის, ქართველთა რწმენა-წარმოდგენების ისტორიაზე, ფოლკლორისტიკისა და ლექსიკოლოგიის თემებზე.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულომ სხვა უსახელო ქუჩებს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების მარო მაყაშვილის და ლიდია პაპასკირის სახელები დაარქვა.