ზუგდიდში დაშლილი ყინულის სახლის აწყობას დაახლოებით 2,5 მილიონი დასჭირდება

1058

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ყინულის სასახლის დემონტაჟი თითქმის დასრულდა. სამუშაოებს შპს “ტერმინალი” ახორციელებს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 214 677 ლარი გამოიყო. შპს „ვეგა პლუსმა“ კი მოედნის მოწყობის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 75 000 ლარამდე დაიხარჯა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.

საკონკურსო დოკუმენტების მიხედვით, შესყიდვა მოედნის არქიტექტურულ გადაწყვეტას, ესკიზური პროექტის შემუშავებას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და საჭიროების შემთხვევაში მასზე საავტორო ზედამხედველობას გულისხმობს.

ამავე ცნობით, განსახორციელებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2 500 000 ლარია. მერიაში ამბობენ, რომ ეს თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

„პროექტის მომზადება უკვე დასრულების ეტაპზეა. ფინანსებზე ჯერ არ გვიმუშავია, თუმცა ძალიან სერიოზული ნაგებობა იქნება და 2,5 მილიონი ნამდვილად დასჭირდება“, – გვითხრა „ვეგა პლუსის“ დირექტორმა ლევან იმედაძემ.

ინფორმაციისთვის, ბენდელიანის ქუჩაზე, ძველი პარკის (ყოფილი კომკავშირის პარკი) განახლება იგეგმება. აქ ევროსტანდარტების შესაბამისი სპორტკომპლექსის და საცურაო აუზი უნდა აშენდეს. ამის შესახებ პირველად განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს ზუგდიდში ყოფნისას გააკეთა.

სკეიტ პარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორია სამშენებლო კომპანია m² – მა 7 270 118 ლარად შეიძინა. კომპანია აქ 80 ნომრიანი, საერთაშორისო სტანდარტების ბრენდულ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

აღნიშნული ყინულის მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბოლოს, ზუგდიდის მერიას დაზიანებული კონსტრუქციის რეაბილიტაცია 407 830 ლარი დაუჯდა. მისი გახსნა და დანიშნულებისამებრ გამოყენება რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.