პრემიერმინისტრმა უპასუხა მესტიელი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტარის და მისი შვილის წილობრივმა კომპანიებმა ბოლო ორ წელში 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. გიორგი გახარიას თქმით, თუ არსებობს “იოტისოდენა” საფუძველიც კი, მოკვლევა დაიწყება.
“ქვეყანაში არსებობს საგამოძიებო ორგანო, ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ კვლევას გადაუგზავნიან. იმდენად ტრანსფარენტული და ღიაა დღეს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში ეს მედია სივრცე, რომ არაფერი დაიმალება. ყველამ ხომ ყველაფერი ვიცით. შესაბამისად, თუ იქ არსებობს რაიმე იოტისოდენა საფუძველი იმისთვის, რომ აქ მოკვლევა დაიწყოს, რა თქმა უნდა დაიწყება”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” დღეს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ ტენდერებს დეპუტატის და მისი შვილის წილობრივ მფლობელობაში მოქმედი კომპანიები იგებენ, მათ შორის გამარტივებული შესყიდვების გზით.
“გამჭვირვალობა” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ამ შპს-ებისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
თავის მხრივ, კვლევას “ჭორაობა” უწოდა ვიქტორ ჯაფარიძემ. პარლამენტარი ირწმუნება, რომ ტენდერები, სადაც საკუთარი და შვილის წილობრივ მფლობელობაში მყოფმა კომპანიებმა გაიმარჯვეს, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა და მათთვის “სასათბურე პირობები” არავის შეუქმნია.