“ეს არის ჭორაობა” – მესტიელი დეპუტატი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევაზე

749

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მესტიელი პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე ირწმუნება, რომ ტენდერები, სადაც საკუთარი და შვილის წილობრივ მფლობელობაში მოქმედმა კომპანიებმა გაიმარჯვეს, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა და მათთვის “სასათბურე პირობები” არავის შეუქმნია. დეპუტატის თქმით, ყველაფერი დეკლარირებული აქვს.

ვიქტორ ჯაფარიძე გამოქვეყნებულ კვლევას ჭორაობას უწოდებს და ამბობს, ვისაც კითხვის ნიშნები უჩნდება ტენდერების კანონიერებასთან დაკავშირებით, შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს. თუმცა, პარლამენტარს სჯერა, რომ ისინი “გაწბილდებიან”, რადგან უკანონოდ არაფერი მომხდარა.

“ჩემთვის საინტერესოა, კაპიტანი გიგაური საიდან ფინანსდება, თორემ ჩემი ყველაფერი დეკლარირებულია, გამჭვირვალეა და შეუძლიათ ნახონ სამართალდამცავმა ორგანოებმა. არავის ჩემთვის და ჩემი შვილის კომპანიისთვის სასათბურე პირობები არ შეუქმნია. თუ რამე გაკეთდა, ყველაფერი არის ღიად, გამჭვირვალედ. უწერიათ, ბეტონის ქარხანა 30 კილომეტრის რადიუსში უნდა იყოსო. აბა 100 კილომეტრის რადიუსიდან რომ ბეტონი წაიღოს, ხომ გაფუჭდება? სულ ორი ქარხანა იყო. მათგან ერთი გაფუჭებული. საიდან უნდა მოეტანათ, ზუგდიდიდან? ჯერ ერთი, იქიდან ამოტანილის ფასი 5 ლარი ხომ იქნებოდა და მეორე, ხომ გაფუჭდებოდა? დაემატა მესამეც, მაგრამ გამართული ისიც არ არის. და რა, არ იმუშაონ ახლა? არ გააკეთონ?”, – უთხრა ვიქტორ ჯაფარიძემ “ლაივპრესს”.

დეპუტატი ყველაფერს, რაც კვლევაში წაიკითხა, წინასაარჩევნო ტრიუკს უწოდებს, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის ჩირქის მოცხობაა.

რაც შეეხება მმართველი პარტიისთვის პარლამენტარის და მისი ცოლის მიერ შეწირულ თანხას, რომელიც დეკლარაციაში არ ასახულა, ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს გამორჩა, რისთვისაც ორჯერ დაჯარიმდა კიდეც. დეპუტატის თქმით, იმ ადამიანთა შორისაა, რომელსაც ყველაფერი წაართვა წინა ხელისუფლებამ.

“რატომ არ შევწირავ ქართულ ოცნებას? ნეტა მეტი შემაძლებინა და დამახმარებინა იმ პარტიისთვის, რომელმაც ბიზნესს თავისუფლება აჩუქა, თავისუფლება აჩუქა მოსახლეობას. დუბინკების და ცოცხების ხელისუფლება არ არის”, – აღნიშნა მან.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” დღეს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ ტენდერებს დეპუტატის და მისი შვილის წილობრივ მფლობელობაში მყოფი კომპანიები იგებენ, მათ შორის გამარტივებული შესყიდვების გზით.

ორგანიზაციისვე ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 6,264,688 ლარია.

“გამჭვირვალობა” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ამ შპს-ებისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.