არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობასთან 25-მეტრიან რადიუსზე შეზღუდვა ეგზიტპოლების ჩატარებაზე არ გავრცელდება

418

არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობასთან 25-მეტრიან რადიუსზე დაწესებული შეზღუდვა მედიის მიერ ეგზიტპოლების ჩატარებაზე არ გავრცელდება. აღნიშნული საკითხი „საარჩევნო კოდექსის“ მესამე მოსმენით დამტკიცებამდე დაზუსტდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საკითხი დაისვა იმის თაობაზე – მედიის მიერ ეგზიტპოლების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხომ არ გავრცელდება 25-მეტრიანი რადიუსის შეზღუდვა და ეს საკითხი მოიხსნა.

„ისეთი საარჩევნო ცვლილების წარმოდგენა უზრუნველვყავით, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. გავითვალისწინეთ ეუთო/ოდირი-ს ყველა ძირითადი რეკომენდაცია. ამ ცვლილებების ფარგლებში უზრუნველვყოფთ იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები უფრო დაიხვეწოს, იყოს ნაკლებად პოლიტიკური და ნაკლებად პარტიული სუბიექტების არჩევა მოხდეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსი“ მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების გათვალისწინებით, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას, დემონტაჟს, აღებას.

ასევე, აიკრძალება 25 მეტრის რადიუსში ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.