რა გადაწყვეტილებები მიიღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

366

30 ივნიის ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც სულ 5 ძირითადი საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო „ბათუმი ცენტრალის“ მიერ წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა. ხმაური მოჰყვა ბულვარში, პარკსა და სკვერში მოტოციკლებითა და ელექტრომობილებით გადაადგილების საკითხს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

„ბათუმი ცენტრალის“ მიერ წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულომ დღეს დაამტკიცა. გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, მოქალაქეებს მერიისთვის შენიშვნებით არ მიუმართავთ. მათ ამისთვის ათდღიანი ვადა ჰქონდათ. მრავალფუნქციური კომპლექსი ბათუმის რკინიგზის მიმდებარედ, 8 ათას 526 ათასი კვადრატული მეტრზე აშენდება. აიგება 8 სართულიანი სასტუმრო და 38 სართულიანი  საცხოვრებელი ტიპის აპარტამენტი.

რატომ არ შევიდა დღემდე საკრებულოში ქალაქის კორექტირებული ბიუჯეტი? ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც საკრებულოს სხდომაზე დაისვა. ვიცე მერმა- ჯაბა ტუღუშმა განაცხადა, რომ დოკუმენტი მზადდება და იგი ახალი სამუშაო კვირის დასაწყისში გადაეგზავნებათ.  მისივე განცხადებით, ბიუჯეტი დაახლოებით 11 მილიონი ლარით მცირდება. ვიცე-მერი გააკრიტიკეს ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაჭიანურებისთისაც.

დღეს, საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეებს დროებით შეუჩერდათ სანებართვო მოსაკრებლის გადასახადი. საკითხს მხარი ყველამ ერთხმად დაუჭირა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა, გარკვეული ლოკაციების ნაცვლად, წელს, საგამონაკლისოდ მისცემოდათ საქმიანობის უფლება ბულვარის მთელს პერიმეტრზე იმ ადამიანებს, რომლებიც სეზონურად ელექტრომობლებსა თუ კვადროციკლებს აქირავებენ. ინიციატივას ხმაური მოჰყვა.

საკრებულომ დღეს კიდევ რამდენიმე საკითხს უყარა კენჭი. მათ შორის, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილს  22 აგვისტოდან სევერიანე აჭარელის სახელი მიენიჭება.