აჭარის კონსტიტუციაში არჩევნებთან დაკავშირებით შესატან ცვლილებებს უმაღლესი საბჭო პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.
კანონპროექტით ექვსი მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება და უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან სამი მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევა.
განხილვაში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მონაწილეობას არ მიიღებენ. ცვლილებების დასამტკიცებლად 14 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ სწორედ 14 მანდატი აქვს.
29 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ბარიერი იქნება 1%-იანი.
აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების შუამავლობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.