საკრებულოს, პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ

643

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, საკრებულოს, პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ.

პროექტის თანახმად, კანონს დაემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სტაჟირების წესს და მითითებულია კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს სტაჟიორების შერჩევა.

სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში), მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში) ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური და საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან გასული არ არის 5 წელზე მეტი.

კანონპროექტით, პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 თვის ვადით. გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტით შემოდის ჩამკეტი მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ საჯარო უწყებაში დასაქმებული სტაჟიორების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო შემადგენლობის სამ პროცენტს თითოეულ პერიოდზე, რომელსაც უწყებები დაადგენენ.

სტაჟიორს უფლება აქვს ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ორჯერ. კანონის მიღების შემდეგ სტაჟირების პერიოდი ჩაითვლება სამუშაო სტაჟად და საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება არ იქნება ანაზღაურებადი.