დავით გაბაიძემ უმაღლესი საბჭოს ბიუროს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება წარუდგინა

379

აჭარის უმაღლეს საბჭოში “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-3 სხდომაზე მიიღეს.

აჭარის უმაღლეს საბჭოს ცნობით, საკითხი ბიუროს უმაღლესი საბჭოს წევრმა, დავით გაბაიძემ წარუდგინა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ამასთან, ბიუროს გადაწყვეტილებით, შეიცვალა „მინისტრის საათის“ განრიგი. 21 აპრილს კანონმდებლები ერთდროულად მოუსმენენ აჭარის სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს.

ბიუროს წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებასაც, რომელიც სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა, ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დაწყებული ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებისაკენ მოუწოდა.