მაკრახიძე: მაშინ, როცა პროპორციულს მხარი არ დავუჭირე, არ ვიცოდი რაზე იყო საუბარი

559

“მაშინ, როცა პროპორციულს მხარი არ დავუჭირე, არ ვიცოდი რაზე იყო საუბარი,”- ამის შესახებ რადიო მოზაიკასთან გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე აცხადებს.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა, მათ შორის გორელი მაჟორიტარები ამჯერად აღარ აღმოჩნდნენ. რადიო “მოზაიკა” დაინტერესდა, რამ გამოიწვია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე თვეში პოზიციის ცვლილება. რაზეც გორის მაჟორიტარმა განმარტა, რომ 2019 წლის ნოემბერში, როდესაც ე.წ.-მა “ამბოხებულმა” დეპუტატებმა კანონპროექტი ჩააგდეს, საკითხს კარგად არ იცნობდა. დღევანდელი გადაწყვეტილება კი, როგორც მაკრახიძე ამბობს, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცის გაცნობის შედეგად მიიღო.

გორის მაჟორიტარმა ბოლო ერთ წელში აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია რამდენჯერმე შეიცვალა. გასული წლის ივლისში ამბობდა, რომ მაჟორიტარულ სისტემას ემხრობოდა, მაგრამ გუნდური გადაწყვეტილების გამო მხარს პროპორციულს დაუჭერდა. რამდენიმე თვეში, კანონპროექტის განხილვისას კენჭის ყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მაკრახიძემ პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა. დღეს კი აცხადებს, რომ ისტორიული გადაწყვეტილების თანამონაწილეა.

“რა თქმა უნდა, პროპორციულ სისტემას დავუჭირე მხარი. რამდენიმე თვის წინ, დიახ, სხვა პოზიცია მქონდა. ახლა ბევრ რამეს გავეცანი და ჩავთვალე, რომ მხარი უნდა დამეჭირა. მაშინ, როდესაც კანონპროექტის წინააღმდეგი ვიყავი, არ ვიცოდი, რაზე იყო საუბარი”, – განმარტა მაკრახიძემ.