ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა

473
ავტობუსები რეგიონებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში ქუთაისს – 60, რუსთავს – 40, გორს – 30, ზუგდიდს – 25, ხოლო თელავს და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემათ.

„ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.“ უზრუნველყოფს 2020 წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში 117 ცალი 8.5-მეტრიანი და 58 ცალი 10-მეტრიანი ავტობუსების მუნიციპალიტეტებისთვის ეტაპობრივად მიწოდებას.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს“, – განმარტავენ სამინისტროში.

„ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ავტობუსების შესყიდვის კონტრაქტს ხელი მოეწერა. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შერჩეულ 6 ქალაქში საჯარო ტრანსპორტის განვითარებისთვის. პროექტი საშუალებას მისცემს ამ ქალაქების მოსახლეობას, რომ ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით. პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რომელიც მიმართულია სატრანსპორტო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაზე ამ ქალაქებში. პროექტის ფარგლებში, გაძლიერდება ინკლუზიური ეკონომიკა, რადგან ის მოიცავს არა მხოლოდ თანაბარი გენდერული შესაძლებლობების ხელშეწყობას სატრანსპორტო კომპანიებში, არამედ რეგიონებში შესაბამისი ტრენინგ ცენტრების გახსნას საჯარო ტრანსპორტის სექტორში დამატებითი სპეციალისტების მოსამზადებლად”, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ეტაპობრივად მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში უზრუნველყოს ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსების მოწოდება. პროექტის ფარგლებში გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ქუთაისს – 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემა.