გურჯაანში დიდების მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

785

გურჯაანში დიდების მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღდგება დაზიანებული კიბეები, დაიდგმება სკამები, მოეწყობა ხის ჯიხურები, სადაც კახური ნობათი და სუვენირები გაიყიდება. ასევე დაიდგმება ტელესკოპი, რომლის საშუალებითაც კავკასიონის და ალაზნის ველის დანახვა იქნება შესაძლებელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჯინი“ მსოფლიო ბანკისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მხარდაჭერით ახორციელებს. მემორიალის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობაზე 18 700 ლარი დაიხარჯება.

გურჯაანში დიდების მემორიალური მუზეუმი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა საპატივსაცემოდ 1978 წლის 9 მაისს გაიხსნა. მემორიალის მთავარი სიმბოლო ჯარისკაცის მამის მონუმენტია, რომელიც ცნობილმა მოქანდაკემ, მერაბ ბერძენიშვილმა საბჭოთა ფილმის „ჯარისკაცის მამის“ მთავარი გმირის მიხედვით შექმნა. დიდების მემორიალის კომპლექსში შედის: ქვის ხუთი ბურჯი, მარადისობის კედელი, რომელზეც ამოტვიფრულია 4000 შინმოუსვლელი ჯარისკაცის სახელი და საგამოფენო დარბაზი, სადაც გამოფენილია მეორე მსოფლიო ომში ქართველების ბრძოლის ამსახველი ტილოები.

წყარო: აიპრესი