ზუგდიდის მერი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტს წლის ბოლომდე 25 ახალი ავტობუსი ეყოლება

564

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტს წლის ბოლომდე 25 ახალი ავტობუსი ეყოლება, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ამ წუთებში მიმდინარეობს.

მერის განცხადებით, ახალი ტრანსპორტის შემოსვლის პარალელურად გაიზრდება მარშრუტების რაოდენობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

„ასევე ვმუშაობთ, რომ გახანგრძლივდეს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, რათა უფრო გვიან შეძლონ მოქალაქეებმა ცენტრიდან ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაადგილება“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერის სიტყვებით, ასევე უნდა მოხდეს მუნიციპალური ტანსპორტის აღჭურვა ელექტრონული გადახდის აპარატებით, რაც ხელს შეუწყობს საშეღავათო ტარიფების დაწესებას:

„გარკვეულ მოწყვლად ჯგუფებზე ჩვენ ვგეგმავთ შემოვიღოთ შეღავათიანი მგზავრობა ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტით, რაც ციფრული ტექნოლოგიებით კიდევ უფრო გამარტივდება და კიდევ უფრო კომფორტული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისი თქმითვე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტობუსების გაჩერებები აღიჭურვა ელექტრონული დაფებით, რომელიც ჯიპიეს სისტემით იქნება მართული. როგორც მერმა აღნიშნა, როცა საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და გადახდის ელექტრონული სისტემა ამუშავდება, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ მარშრუტების შესახებ.

მისი სიტყვებით, უკვე დაწყებულია და მალე დასრულდება ტრანსპორტის გაჩერებების ადაპტირება, რათა ყველა მოქალაქემ თანაბრად შეძლოს მისით სარგებლობა.

მერმა ანგარიშის წარდგენისას ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში დაწყებულია ავტობუსების პარკის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.