ახალციხის ტბაზე ნავები და წყლის ველოსიპედები გამოიყვანეს. ნებადართულია თევზაობაც. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალანირების სამსახურის უფროსის, ჯემალ გიორგაძის თქმით, ახალციხის ტბაზე დამსვენებლებს სამი წყლის ველოსიპედი და ოთხი ნავი მოემსახურება.
ერთი საათით ნავის დაქირავება 5 ლარია, წყლის ველოსიპედის კი 10 ლარი. მთელი დღის განმავლობაში თევზაობისთვის მსურველმა 5 ლარი უნდა გადაიხადოს.
ახალციხის მერია ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, მათ შორის აღდგება შადრევანი, მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედნები და ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილები.