ვიცეპრემიერმა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება დაანონსა

389

ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება დაანონსა. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში, 85 სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას, ასევე რამდენიმე სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მასშტაბურ პროექტს და საცურაო აუზების პროექტის განხორციელებას იწყებს.

ცქიტიშვილის თქმით, სამინისტრო ასევე განიხილავს ახალ ინიციატივებს, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის ახალი დანიშნულების ადგილებს შექმნის.

„ახალ პროექტებს შორის არის ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის უკვე სავიზიტო ბარათად ქცეული ტურისტული ინფრასტრუქტური მოწესრიგება, ახალი ურბანული განახლების პროექტები, რომელიც არა მხოლოდ მცირე ტურისტულ ინფრასტრუქტურას მოიცავს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან სამუშაოებს როგორიც არის აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი, ველისციხის ურბანული განახლება, თელავის ცენტრის რეაბილიტაცია, ბაკურიანი და მრავალი სხვა“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად მნიშვნელოვანია დაიწყოს და გაგრძელდეს ის პროექტები, რომელიც უწყების გრძელვადიანი გეგმების ნაწილია.

„საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ აღვადგინეთ ტრადიციული შეხვედრები და ჩვენ გვქონდა საშუალება კონტრაქტორებისთვის გაგვეცნო პროექტების დაწყებასთან და მათ სატენდერო შეთავაზებებთან დაკავშირებული უახლოესი რამდენიმე თვის გეგმები. ასეთი თანამშრომლობა და ინფრომაციის წინასწარ მიწოდება მათ საშუალებას აძლევთ უკეთ მოემზადონ ტენდერებისთვის, უკეთ გადაანაწილონ თავიანთი რესურსები, იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანები. ეს კი ჩვენ გვაძლევს საშალებას, უფრო წარმატებული კონტრაქტორები ვიხილოთ, სწრაფად და ხარისხიანად დავასრულოთ ესა თუ ის პროექტი“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციაა სამშენებლო კომპანიებს მიაწოდა.

„ფონდის მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრქუტურულ პროექტებს შორისაა სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა, ოზურგეთისა და ბახმაროს სკვერების რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია ლაღამის უბნის, თელავის, ველისციხის, ბაკურიანის და აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.