„ევროპულ საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების იმ დიდ ჯგუფს, რომელიც ამ პროცესს მხარს უჭერს, გვსურს, რომ შევარჩიოთ ფიგურები, რომლებიც, ერთი მხრივ, საპროტესტო ელექტორატის შემკრები იქნებიან და მეორე მხრივ, ნებისმიერი არჩევანი, საბოლოო ჯამში, უნდა გამოხატავდეს მრავალფეროვნებას, რომელიც ოპოზიციურ ამომრჩეველში არსებობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც თბილისის ოლქში დარჩენილი ორი მაჟორიტარული კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, არის შემთხვევები თბილისის გარეთ, სადაც რამდენიმე კანდიდატის დაყენება პრაგმატულად სჯობს, ვიდრე ერთის.
„ჩვენ, „ევროპულ საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების იმ დიდ ჯგუფს, რომელიც ამ პროცესს მხარს უჭერს, გვსურს, რომ შევარჩიოთ ფიგურები, რომლებიც, ერთი მხრივ, საპროტესტო ელექტორატის შემკრები იქნებიან და მეორე მხრივ, ნებისმიერი არჩევანი, საბოლოო ჯამში უნდა გამოხატავდეს მრავალფეროვნებას, რომელიც ოპოზიციურ ამომრჩეველში არსებობს. არავის არ ჰქონდეს განცდა, რომ მაჟორიტარული არჩევნების შედეგად ივანიშვილის დამარცხების შემდეგ ერთი ან ორი პოლიტიკური ძალა იგებს. ეს ორივე ამოცანა, ჩემი აზრით, მიღწეული იქნება და ამ ექვსეულში უკვე მიღწეულია. ამას გარდა ამა თუ იმ ოლქის საარჩევნო სპეციფიკა არსებობს. არის შემთხვევები თბილისს გარეთ, სადაც რამდენიმე კანდიდატის დაყენება პრაგმატულად სჯობს, ვიდრე ერთის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გარდა ამისა, ბოკერია გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბურჯანაძეს ოპოზიციური პარტიებისგან შეთავაზება ექნება, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს. ბოკერიას თქმით, ახლა კანდიდატებზე საუბარი არასერიოზულია.
„ჯერ იქნება არჩევნების შედეგები, მერე შედგება დემოკრატიული კოალიცია, რომელიც პროდასავლური იქნება, მაგრამ ვინ იქნება დემოკრატიული კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ეს საარჩევნო შედეგებზე და წონაზეა დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ „ევროპული საქართველოს“ და ჩვენი თანამოაზრეების გარშემო იყოს კოალიცია შეკრული. სხვა პარტიებს თავისი ამოცანა აქვთ. ახლა ლაპარაკი რომელიმე ერთი პარტიის მხრიდან მეორესთვის პრემიერის კანდიდატის შეთავაზებაზე, არასერიოზულია“, – აღნიშნა ბოკერიამ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრას 119 დეპუტატი ესწრებოდა, ცვლილებებს მხარი 115-მა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 3. დღევანდელ მოსმენას, წინასგან განსხვავებით, არ ესწრებოდა “ევროპული საქართველო”. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა “ნაციონალურმა მოძრაობამაც”.
საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაფორმებული შეთანხმების ნაწილია.