ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი: ა(ა)იპ-ებს პანდემიით დაზარალებულთა ფონდში თანხის გადარიცხვას აიძულებენ

495

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს აიძულებენ პანდემიით დაზარალებულთა ფონდში თანხების ჩარიცხვას. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

„გუშინ ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელმა მომწერა, რომ ხელფასიდან თანხა ჩამოეჭრა. მანვე მითხრა, რომ ყველა ა(ა)იპ-ში ხელმძღვანელები აიძულებენ თანამშრომლებს თანხის გადარიცხვას. ვიცით, რომ ფონდში თანხას მერიის და საკრებულოს თანამშრომლებიც რიცხავენ, თუმცა მათ მაღალი ხელფასები აქვთ, ა(ა)იპ-ებში კი, სადაც რიგით თანამშრომლებს 300 ლარიანი ხელფასები აქვთ, იძულებულები არიან მაინც გადარიცხონ“, – ამბობს ანა წითლიძე.

მერიაში ადასტურებენ, რომ პანდემიით დაზარალებულთა ფონდში თანხას თნამდებობის პირებთან ერთად ა(ა)იპ-ების თანამშორმლებიც რიცხავენ, თუმცა მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ამას იძულებითი ხასიათი არ აქვს.

„თავიდან პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელფასის 30% გადაერიცხათ პანდემიით დაზარალებულთა ფონდში, თუმცა შემდეგ ყველა თანამშრომელმა, მათ შორის ა(ა)იპ-ების, თვითონ გამოთქვეს სურვილი და სოლიდარობის ნიშნად, ბევრი მათგანი სიმბოლურ თანხას რიცხავს“, – ამბობენ მერიაში.

საკრებულოშიც აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში თანხის გადარიცხვა ნებაყოფლობითია.

„ზოგი 50 ლარს რიცხავს, ზოგიც 10 ლარს. თუმცა ვისაც არ აქვს სურვილი, შეუძლია არც გადარიცხოს თანხა“, – განმარტეს საკრებულოში.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა, რომ ზუგდიდის მერიის პოლიტიკური გუნდი მმართველი პარტიის ინიციატივას უერთდება და ხელფასის მესამედს კორონავირუსით დაზარალებულთა სპეციალურად შექმნილ ფონდში გადარიცხავს.

მოგვიანებით, თანხის გადარიცხვაზე ასეთივე განცხადება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.