ბორჯომში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

732

ბორჯომში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება საავტომობილო გზებს, ამასთანავე, ხორციელდება საფეხმავლო ბილიკების მოწყობის, საბავშვო ბაღების შენობების, სკვერების, სპორტული მოედნების, მოსაცდელების, საყრდენი კედლების, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს: მესხეთის, ნიკოლაძის ვაშლოვანის ქუჩებზე, ასევე დაბა ახალდაბაში, დაბა წაღვერში, სოფლებში- ჭობისხევში, კორტანეთში, ცემში, ტაძრისში, საკირეში, რისთვისაც ჯამში 2 მილიონ ნახევარზე მეტი ლარი დაიხარჯება.

„საფეხმავლო ბილიკები ეწყობა აღმაშენებლის, 9 აპრილის, გამსახურდიას ქუჩებზე და კოსტავას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. სრული რეაბილიტაცია უტარდება ბორჯომის №1 და დაბა წაღვერის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. კეთილმოეწყობა ასევე ბორჯომის №3 და №4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეზოები. ოთხივე პროექტისათვის ჯამში 535 000 ლარი გაიხარჯება. სულ ცოტა ხნის წინ 685 232 ლარის ღირებულების პროექტი დაიწყო დაბა ახალდაბაში, სადაც წყლის სათავე ნაგებობების სრული აღდგენა მოხდება. დაბა ახალდაბის მოსახლეობა, რომელიც წლების განმავლობაში გაუფილტრავი წყლით მარაგდებოდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ უმაღლესი ხარისხის წყალს მიიღებს. ახალი სათავე ნაგებობა დაბა ახალდაბის 2400 მცხოვრებისათვის 24 საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.

სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბორჯომში თორის ქუჩის №6-თან და №116, 118, 120-თან მდებარე ტერიტორიებზე, ასევე დაბა ახალდაბაში, სოფელ ცემში კი ამ კუთხით სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. აღნიშნული პროექტებისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 200 000-მდე ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება მოსაცდელებს სამუშაოები 7 ობიეტზე ხორციელდება. მოცულობითი პროექტი მიმდინარეობს ბორჯომში კულტურის სახლის რეაბილიტაციისათვის, რისთვისაც 248 269 ლარი გაიხარჯება. თორის ქუჩაზე კი 331 588 ლარი სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებისთვის გამოიყო. ჯამში 560 სიგრძის მონაკვეთი მოეწყობა. 114 770 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა ბორჯომში.

ახალი საპილოტე პროექტის „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“- ფარგლებში კი მიმდინარეობს ბორჯომში მარადიული ცეცხლის სკვერის რეაბილიტაცია, სამუშაოები ხორციელდება ასევე დაბა ახალდაბაში, სადაც შენდება საჭიდაო არენა, ბორჯომში, ნიკოლაძის ქუჩაზე, სოფელ ტბასა და სოფელ ციხიჯვარში კი მინისპორტული მოედნები ეწყობა. პროექტს საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შოტლანდიის ანგუსის საბჭოს პარტნიორობით. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ბორჯომში წლის ბოლომდე აქიურად გაგრძელდება“

წყარო: ინტერპრესნიუსი