ორმული დაზიანებები, დახეთქილი ასფალტის საფარი და უკმაყოფილო მძღოლები. სულ რაღაც 2 წელი გავიდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულებიდან, მაგრამ მაგისტრალის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. ერთადერთ მიზეზად კი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები შეიძლება ჩაითვალოს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ დასრულებული მაგისტრალი ოფიციალურად 2018 წელს გაიხსნა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შესრულებული სამუშაოებით იწონებდა თავს, თუმცა, დღეს გზა ისევ გასაკეთებელია.
მაგისტრალის მშენებლობაზე 209 852 079 ლარი დაიხარჯა. დღეს ავტობანის ეს მონაკვეთი ასე გამოიყურება: მრავლადაა ორმული დაზიანებები და დახეთქილია ასფალტის საფარი. მდგომარეობაზე უკვე მწვავედ საუბრობენ მძღოლები.
სამუშაოები რომ უხარისხოდ შესრულდა, ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ამბობს, რომ ხელისუფლებამ აზიის განვითარების ბანკიდან სესხად აღებული თანხა კორუფციული გზით დახარჯა, სამუშაოებს ხარისხი კი არ შეამოწმა.
შეუძლებელი აღმოჩნდა კომპანია „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებაც. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც ავტობანის ქობულეთის მონაკვეთზე გზის მშენებლობის სამუშაოები აწარმოა. მასთან არც სამუშაოების დამკვეთმა დაგვაკავშირა.
შექმნილ პრობლემაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მმართველი გუნდიდან სასაუბროდ არავინ გამოვიდა. დაპირების მიუხედავად, კითხვებზე საპასუხოდ მზად არც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოჩნდა. მაგისტრალზე ორმული შეკეთება მიმდინარეობს, თუმცა დეპარტამენტში არც ის დაგვიზუსტეს, სამუშაოებზე დამატებით იხარჯება ფული, თუ მას ისევ „სინოჰიდრო“ აწარმოებს.