ბათუმში სულიკო ჟღენტის დაბადებიდან 95-ე წლისთავი აღნიშნეს.
ცნობილი ქართველი კინოდრამატურგის ბიუსტთან ბათუმის ბულვარში აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ბათუმის მერი, სულიკო ჟღენტის ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ.
აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის ახალი ინიციატივით, ბათუმში სულიკო ჟღენტის მუზეუმი გაიხსნება.
„ის ბათუმელია, გარდა იმისა, რომ მეგობრები ვიყავით, ვიყავით მეზობლებიც, გვაქვს მისი სახელობის ქუჩა, მისი ბიუსტი, მაგრამ ამ ლეგენდარული ადამიანის უკვდავსაყოფად, ყოველთვის მგონია, რომ ეს საკმარისი არ არის. დღეს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მოვისმინე, რომ ბათუმში გვექნება მისი მუზეუმი. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სულიკო ჟღენტის მეგობარმა, პროფესორმა რამაზ სურმანიძემ.