საგარეჯოში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. სოფელ ხაშმში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილე ემზარ კუჭუაშვილთან ერთად დაათვალიერა.
„ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმსა და თავის ყმაწვილკაცობის მოგონებებს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა.
ჩვენ კი ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ ერისა და მომავლის წინაშე, რათა საამაყო მწერლის სახელი უკვდავყოთ და თაობებს ისტორიად შემოვუნახოთ.
ეს სახლ-მუზეუმი იქნება რეზო ინანიშვილის საცხოვრებელი სახლის პირვანდელ კონსტრუქციასთან მაქსიმალურად მიახლოებული შენობა, რათა გავაცოცხლოთ წარსული.
მე ამაყი ვარ, რომ ამ წამოწყების ინიციატორი და იდეის თანაავტორი ვარ. მალე, ერთად, საზეიმო ვითარებაში გავხსნით სახლ-მუზეუმს და ეს იქნება ერთგვარი სტარტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ დაწყებული სვლისა”- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.
სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია – აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით ფინანსდება.