მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივაა, ვლაქერნობის დღესასწაული დასვენების დღედ გამოცხადდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ამის შესახებ მერაბ ქვარაიამ შრომის კოდექსის რეფორმის განხილვაზე ისაუბრა პარლამენტში. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ქვარაის განმარტებით, კანონპროექტში ჩნდება ელემენტი, რომლის თანახმადაც, მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის დონეზე გამოცხადდეს ცალკეული თარიღები დასვენების დღედ.
მერაბ ქვარაიამ ისაუბრა ვლაქერონობაზე და აღნიშნა, რომ ის საერთო სახალხო დღესასწაულია, მსგავსი დღესასწაულები კი სხვა მუნიციპალიტეტებსაც აქვთ.
“სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის ანალოგიური დღესასწაული, რომელიც თუნდაც მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა იყოს დასვენების დღე. კარგია, რომ ეს შესაძლებლობა უკვე ეძლევა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მთავრობასთან შეთანხმებით და მთავრობის გადაწყვეტილებით”, – განაცხადა მაჟორიტარმა.
მერაბ ქვარაიას ინიციატივაზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმაც კანონპროექტის განხილვისას. მისი განმარტებით, ამ ინიციატივის საფუძველი ქვეყნის მრავალფეროვნებაა, როცა აქ აღინიშნება ბევრი ისეთი დღესასწაული, რომელსაც ეთნიკური თუ რელიგიური დატვირთვა აქვს. თუმცა ეს დღე შესაძლოა სამუშაო დღეს დაემთხვეს.
“იმისთვის, რომ არ გადავტვირთოთ ჩვენი შრომის კოდექსი ისედაც ძალიან ბევრი დასვენების დღეებით, მთავრობას ექნება შესაძლებლობა, ცალკეული რეგიონისთვის, ან ქვეყნის მასშტაბით, დამატებით გამოაცხადოს თავისი დადგენილებით დასვენების დღე და ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობაა, ჩაანაცვლოს სტანდარტული დასვენების დღე, ვთქვათ შაბათი ან კვირა და ის გახდეს სამუშაო დრო”, – განმარტა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მერაბ ქვარაიამ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მოქალაქე ისარგებლებს თუნდაც სამდღიანი შვებულებით და ეს არ იქნება მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ იქნება სავალდებულოც.
მაჟორიტარ დეპუტატამდე, შარშან, 15 ივლისს, ვლაქერნობაზე იგივე ინიციატივა გააჟღერა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ.
ვლაქერნობისთვის ყოველწლიურად, ზუგდიდის ბიუჯეტიდან საშუალოდ 20 ათას ლარზე მეტი იხარჯება.
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში 1990 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა. ამ დღეს დადიანების მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი ტაძარში გადააქვთ, რომლის მთხვევის შესაძლებლობაც მსურველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ.