შეკეთებული ტროტუარი სანიაღვრეს გარეშე

1352

ახალციხეში, ცენტრალურ, კოსტავას ქუჩაზე, ტროტუარები შეაკეთეს – დაიგო ახალი ფილები და ფეხით სავალი ნაწილი გაგანიერდა, თუმცა, ტროტუარს აღარ აქვს სანიაღვრე არხი. მერიაში ამბობენ, რომ რეალურად, სანიაღვრეების საჭიროება არ იყო.

კოსტავას ქუჩის ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილი, იმაზე გაცილებით ფართეა, ვიდრე აქამდე იყო. ტროტუარებზე აღარც სავაჭრო დახლებია გადმოდგმული და აღარც ფართე მიშენებები მაღაზიებზე, რაც მოძრაობას ართულებდა. ახალი ტროტუარები ადპტირებულია შშმ პირებისთვის.
თუმცა, ახალ, გაგანიერებულ ტროტუარს გვერდით სანიაღვე არხი აღარ მიყვება, როგორც ეს რეაბილიტაციამდე იყო.ხომ არ გამოიწვევს ტერიტორიისა და მარაზიების დატბორვას სანიაღვრეების არ ქონა, ამაზე ადგილობრივებს და ამ ქუჩაზე მდებარე მაღაზიების მეპატრონეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ძლიერი წვიმა მათ მაღაზიებს დატბორავს, ნაწილი კი პირიქით, ამგვარ გადაწყვეტილებას მიესალმება.

„ფილები ჩემი მაღაზიის კარიდან რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა დააგეს, წვიმის წყალი რომ წამოვა. შეიძლება ჩემთანაც შემოვიდეს. ვთხოვე, რომ ცოტა დაეწიათ, მაგრამ ჩემი აზრი არ გაითვალიწინეს“, – ამბობს სუსანნა სერაპიანი.

ამ შიშს უსაფუძვლოს უწოდებენ ახალციხის მერიაში. ქალაქის მერი ვლადიმერ ზედგინიძე ამბობს, რომ წვიმის დროს წყალი მაღაზიებში არ შევა: „ის სანიაღვრე არხები, ფაქტობრივად, გამოუყენებელი იყო, ნაგვის ბუდე იყო. სანაღვრეების ხარჯზე 57 სანტიმეტრით გაფართოვდა ტროტუარი. პარაპეტის სიმაღლე კი იმ დონეზე ავწიეთ, რომ არ გადაუშვებს წყალს ტროტუარის მიმართულებით“.

გარდა ამისა, ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, წყალი რომელიც ამ ქუჩაზე დაგროვდება, სპეციალურად გაკეთებულ წყალსაწრეტებში ჩავა: „ძველი სტამბის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება წყალსაწრეტი. ასე, რომ აღნიშნულ ქუჩაზე განლაგებულ მაღაზიებს, რომლებიც მრავლად გვაქვს, არაფერი ემუქრება, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა“.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ კოსტავას ქუჩაზე, თამარ მეფის ძეგლის ქვემოთ, სანიაღვრე არხები ისევ დარჩება თუმცა ცხაურებით გადაიხურება.

კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების შეკეთება ორი თვის წინ დაიწყო. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 370 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „მესხეთავტოგზა“ ასრულებს.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2017 წლის 13 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.