„ევროპული საქართველო“ 21 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ ჩაერთვება

498

„ევროპული საქართველო“ 21 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ ჩაერთვება. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ინტერპრესნიუსს განუცხადა, პოლიტიკური პარტია ბოიკოტს აგრძელებს მანამ, ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

„ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური ბოიკოტი აქვს მანამ, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება. ის, ვისზეც იყო შეთანხმება. ის, ვინც „გავრილოვის ღამისა“ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაგდების შემდეგ, პროტესტის გამო დააკავეს. ასეთია ბატონი გიორგი რურუა, ის თავისუფალი არ არის. ამიტომ, ჩვენ ბოიკოტს ვაგრძელებთ“,- განაცხადა ბოკერიამ.

21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისისთვის სამივე მოსმენით მიღებული უნდა იყოს.

26 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დასრულდება, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მისაღებად პარლამენტს 29 ივნისს კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოუწევს.