ხვალ, 12:00 საათზე, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2020-21 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება.
პირველ ეტაპზე საბავშვო ბაღებში 7 სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები უკვე ჩაირიცხენ, მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები, ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და სხვა. სულ დაახლოებით 3 ათასი აღსაზრდელი.
ხვალ რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება. როგორ უნდა შეავსონ განაცხადი სააგენტოს ვებგვერდზე, როგორ მოიქცეს მშობელი, თუ შვილის სასურველ საბავშვო ბაღში რეგისტრაცია ვერ შეძლო, ამ და სხვა საკითხებზე „იმედის დილაში“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ისაუბრა.
„ბავშვის რეგისტრაციისთვის მთავარი პრინციპი დასწრებითობაა. ეს უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა. ყველაზე სამართლიანი პრინციპი ეს არის. ჯერ სხვა არ მოუგონიათ. აქედან გამომდინარე, დასწრებითობა მთავარი პრინციპია. ამას ყოველივეს შემდეგ ახლავს გულისწყვეტა, რომ ვერ მოახერხეს დარეგისტრირება, მაგრამ არსებობს სარეზერვო სიები. როდესაც სხვადასხვა ბაღებში რჩება ადგილები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მშობლების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. თუ ვერ მოახერხებენ დარეგისტრირებას, იქ სადაც ადგილები გვექნება, სარეზერვო სიებით ჩავრიცხავთ. ამისთვის, ბაღში უნდა მივიდეს მშობელი და იქ გააკეთოს განაცხადი და მოხვდება სარეზერვო სიაში“, – განაცხადა გვანცელაძემ.
მას კითხვით მიმართეს, რამდენადა თეორიული შანსი იმისა, რომ ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩეს. გვანცელაძემ განაცხადა, რომ ამის თეორიული შანსი არსებობს, რადგან მათ აქვთ რაიონები სადაც მოსახლეობის ინტენსიფიკაცია მიმდინარეობს, მაგრამ ბაგა-ბაღების რაოდენობა მცირეა. ასეთი რაიონებია ვაკე, ჩუღურეთი, საბურთალო, მთაწმინდა და ამ რაიონების ბაღებში მოხვედრა რთულია.
გვანცელაძის თქმით, წელს საბავშვო ბაღებში 14 ათასი ვაკანტური ადგილია. სააღმზრდელო პროცეის განახლებას კი სააგენტო 14 სექტემბერს გეგმავს.