ათდღიანი უწყლობის შემდეგ, ახალციხის სოფელ კლდეში პრობლემა მოგვარდა

342

ახალციხის სოფელ კლდეში, სადაც მოსახლეობა უწყლობაზე ჩიოდა და ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებოდა, წყლის მიწოდება აღდგა. სოფელში ადგილობრივების ნაწილი უწყლოდ ათი დღე იყო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სოფელ კლდის ერთ-ერთი უბნის პრობლემაზე „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა 16 ივნისს დაწერა. უწყლოდ დარჩენილი ადგილობრივები ამბობდნენ, რომ პრობლემას მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ე.წ. ჭა ქმნის, სადაც ორი გამანაწილებელია, ერთი მათგანის მოშვების შემთხვევაში წყალი სოფლის ერთ უბანში მიდის, მეორეს მოშვების შემთხვევაში კი, მეორე უბანში. იმის გამო, რომ ვიღაც თვითნებურად უშვებდა და კეტავდა გამანაწილებელს, სოფლის ერთ უბანში წყალი ათი დღის განმავლობაში არ მოდიოდა.

მასალის გაშუქებიდან მეორე დღეს პრობლემა მოგვარდა: „დღეს გამოვიდა წყალი, იმდენი მოდის, აქ ამდენი წყალი არასდროს მინახავს. მილები ყოფილა დახეთქილი და ონკანები გამოცვალეს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

წყლის გარეშე იყო დარჩენილი თავად ახალციხის მუნციიპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც. გელა ნოზაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში პირველივე დღიდან ჩართული იყო. დღეს საკითხი საბოლოოდ გადაიჭრა:

„აღვადგინეთ ყველაფერი გაფუჭებული რაც იყო, პრინციპში, გაფუჭებული კი არაფერი იყო, მაგრამ თავზე ვადექით მთელი დღე, რომ ვიღაცა არ ჩამძვრალიყო და არაფერი გაეკეთებინა. დაზიანებული ერთი ვინტილი იყო, რომელიც გამზადებული მქონდა. პრობლემა აღმოფხვრილია, დღეგამოშვებით ექნება ყველას წყალი, ენ-რაოდენობით. აღარ იქნება პრობლემა, იმიტომ, რომ იმორიგევებს მოსახლეობა თვითონ და მიაქცევენ ყურადღებას“, – აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ გელა ნოზაძე.

როგორც მედიასთან მერის წარმომადგენელმა კლდის ტერიტორიულ ერთეულში, დავით პაპუაშვილმა განაცხადა, კლდეში სასმელ წყლის სათავე-ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც პროექტი უკვე გამზადებულია.