“ცენტრალურ გზას გადავკეტავთ” – ახალციხის სოფელ კლდეში მცხოვრებლები უწყლობას აპროტესტებენ

475

ახალციხის სოფელ კლედში მცხოვრებლების ნაწილს, ათი დღეა სასმელი წყალი არ აქვს. უწყლოდ დარჩენილ უბანში ცხოვრობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემას მათივე თანასოფლელები ქმნიან, რომლებიც წყლის გამანაწილებლებს თვითნებურად კეტავენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სოფელ კლდის „შუა უბანში“ მცხოვრებლები ამბობენ, რომ უკვე ერთი თვეა წყლის პრობლემა აქვთ, ბოლო ათი დღის განმავლობაში კი საერთოდ უწყლოდ დარჩნენ. პრობლემას მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ე.წ. ჭა ქმნის, სადაც ორი გამანაწილებელია, ერთი მათგანის მოშვების შემთხვევაში წყალი სოფლის ერთ უბანში მიდის, მეორეს მოშვების შემთხვევაში კი, მეორე უბანში. აღმოჩნდა, რომ გამანაწილებლებს ხშირად ადგილობრივები თვითნებურად უშვებენ და კეტავენ. ამისი გაკეთება კი, ნებისმიერ გამვლელს უპრობლემოდ შეუძლია.

„ვიღაც მიდის და თვითნებურად სხვაგან უშვებს წყალს, ამიტომ ერთი უბანი რჩება უწყლოდ. წყალი ფიზიკურად არის, მაგრამ კონტროლი სჭირდება გამანაწილებელთან. მთელი დღე ვერ დავუჯდები მე იქ, გადავკეტე ონკანი, ჩვენკენ გამოვუშვი, სახლში ვერ მოვასწარი მოსვლა და უკვე სხვაგან იყო გაშვებული. კონტროლი სჭირდება გამანაწილებელს“, – ამბობს კლდეში მცოხვრები გურამ ნოზაძე.

მისივე თქმით, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ხან ერთი, ხან მეორე მეზობლის სახლში წყალი გამოდიოდა, შემდეგ კი საერთოდ მოწყდა: „ერთი თვე ხან ერთ მეზობელთან მოდიდა, ხან მეორესთან. ამის გამო დავეჭვდით, თუ ერთთან მოდის, რატომ მეორესთან არ იყო. გავჭერით მიწა, სადაც ჩვენი ონკანების ხაზებია შეერთებული და ყველგან გავიდა საკონტროლოდ გამოშვებული წყალი“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დრომდე პრობლემას გამანაწილებლების სიძველეც წარმოადგენდა, თუმცა ახალი გამანაწილებლების დაყენების შემდეგ პრობლემა ისევ მოუგვარებელი დარჩა: „პატარა შვილიშილი მყავს ვერ რჩებიან ჩვენთან წყალი არ გვაქვს, რომ ბავშვი დავბანოთ და მიდიან აწყურში. რა ცხოვრებაა შვილიშვილსაც რომ ვერ ნახავ. აქამდე ამბობდნენ „ვინტილები“ არ ვარგა და ვერ ნაწილდება კარგად წყალიო, მარტო ქვედა მხარეს უშვებდნენ, გუშინწინ შეცვალეს ეს „ვინტილები“ და მაინც არ არის წყალი. ეს „ვინტილებიც“ არ არის კარგად დაყენებული და იქცევა წყალი. მარაგი არის თუ არა სათავეში არ აქვს მნიშვნელობა, მაინც უწყლოდ ვართ“, – ამბობს ქეთევან წიქარიშვილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში უკიდურეს ზომებს მიიღებენ, რადგან უწყლობამ უკვე ბევრი პრობლემა შეუქმნათ: „ზოგს მანქანა არ ჰყავს რომ მოიტანოს წყალი სხვა სოფლიდან. იმაზეც თანახმა ვიყავით, რომ ერთი დღე ჩვენთან ყოფილიყო და ერთი დღე ქვედა უბანში. სასმელი წყალიც კი არ გვაქვს. ჩვენს მეზობლად ცხოვრობს საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე და არც იმას აქვს. დღეს ექიმთან არის წასული, თორე ისიც ჩვენსავით ყოველ დილით დადის ამ პრობელმის მოსაგვარებლად. ავა მოუშვებს გამანაწილებელს, ჩამოვა წყალი არაა. ბოლოს რა გვეშველება?! გადავკეტავთ ცენტრალურ გზას, თუ არ მოგვარდება პრობლემა“, – ამბობს მანანა გამცემლიძე.

პრობლემის მოგვარების ერთადერთ გამოსავალს მეზობლებს შორის ურთიერთპატივისცემაში ხედავს ახალციხის მერის წარმომადგენელი სოფელ კლდეში დავით პაპუაშვილი.

მისი თქმით, წყლის სათავე ნაგებობაზე, ავზში არ არის წყლის იმხელა მარაგი, რომ 24 საათის განმავლობაში მომსახურება უზრუნველყოს. ამიტომ, ავზს ჯერ კეტავენ, ბოლომდე ავსებენ და შემდეგ სოფელში ისე უშვებენ: „ერთი მეზობელი მეორე მეზობელს პატივს არ სცემს. სოფელშია გამანაწილებელი, ერთი მხარე მივა და გააღებს თავის ჭკუაზე, მერე მეორე მხარე მივა და გააღებს. ირღვევა ბალანსი და „ბასეინიც“ იცლება. თვითშეგნება რომ ჰქონდეთ და ერთმანეთს დაუთმონ, წყალი ექნებათ ორივეს. ეს გამანაწილებელი, როცა გაკეთდა ასეთი ვალდებულება ჰქონდათ, ერთ დღეს ერთ მხარეს უნდა ჰქონოდა წყალი, მეორე დღეს მეორე მხარეს, ესენი ამას არ იცავენ, ამიტომ ორივე მხარე წაგებული რჩება“, – ამბობს პაპუაშვილი.