ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. “კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნეს დარბაზი. სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.
ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
ალექსანდრე მოწერელიამ ასევე ფოთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, რომელიც ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ხორციელდება, ადგილზე მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი ხელოვნური განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.
სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ალექსანდრე მოწერელია საზღვაო აკადემიის, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის, საცურაო აუზის და თეატრის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.