სამგორის რაიონის გამგებელის, კახა სამხარაძის ინფორმაციით, ვარკეთილის შერეული ბაზრობის ტერიტორია საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, კომპანია “ირაოს” მიერ არის დაზღვეული და ზარალის ანაზღაურება მათი დასკვის შესაბამისად მოხდება.
მისივე თქმით, ყველა დაზარალებულის შემთხვევა ინდივიდუალურად იქნება განხილული.
„ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. გამოიკვეთა, რომ არსებული ტერიტორია დაზღვეულია საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, კომპანია „ირაოს” მიერ. კომპანიის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ ადგილზე და ეცნობიან სიტუაციას, დაველოდებით მათ დასკვნას და გვეცოდინება რა ანაზღაურება მოხდება. დაზღვეულია შენობა, რაც შეეხება დაზარალებულებს, ყველა ინდივიდუალურად იქნება განხილული. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩვენ რიგ-რიგობით შევუშვებთ ადამიანებს და შეეძლებათ დაითვალონ თავიანთი ზარალი. ერთი ნაკადი უკვე შევუშვით და მათ გადარჩენილი პროდუქცია გამოიტანეს. „ირაოსთან” უნდა გვქონდეს შეხვედრა, როდესაც გვექნება მათი დადასტურებული ინფორმაცია, მას შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს,” – განაცხადა კახა სამხარაძემ.
მისივე თქმით, ზარალის ოდენობაზე საუბარი ჯერ რთულია. იგი დღესვე დაზარალებულებთან შეხვედრას გეგმავს.
„მთელი ღამე ვიყავით მოსახლეობასთან ერთად და ვებრძოდით ხანძარს. შევხვდებით მოსახლეობას, გავიგებთ მათ მოთხოვნებს. ჩვენი მთავარი მიზანია, არავინ დარჩეს უყურადღებოდ და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, პროცესში ვიქნებით ჩართული. ძალიან რთულია ზარალზე საუბარი. შიგნით სპეციალური სამსახურები მუშაობენ. როდესაც შევლენ და დაიწყებენ დათვლას, მას შემდეგ შეიძლება, ზარალზე ვისაუბროთ“, – განაცხადა კახა სამხარაძემ.
ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ხანძრის შედეგად 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.