ოკუპირებულ აფხაზეთში მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე შეზღუდვები მოიხსნა

755

აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. დეფაქტო პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, საზღვრის კვეთა ისევ იკრძალება “უცხო ქვეყნის და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის”.

გარდა ამისა, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რეჟიმის გამკაცრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

მდინარე ფსოუს გამშვებ პუნქტზე, რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, მოქალაქეების ბიომასალა გამშვებ პუნქტზე მდებარე მობილურ კლინიკაში მოხდება, შემდეგ კი ნიმუშებს ე.წ. „რესპუბლიკის“ ლაბორატორიაში გადაიტანენ. მანამდე, მათ მხოლოდ თერმოსკრინინგი უტარდებოდა, წერს “აფსადგილ ინფო”.

გამოცემის ცნობით, ასევე იკრძალება სასტუმროების და სხვა ტურისტული ობიექტების დაჯავშნა.

მანამდე, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გასცა ბრძანება, რომლის თანახმად, 15 ივნისიდან მოიხსნა შეზღუდვები მასობრივი, კულტურული, სპორტული, გასართობი ღონისძიებების, ასევე ქორწილების და სხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარებაზე. ასევე გაიხსნა სპორტული დარბაზები, სპა და მასაჟის სალონები, სტომატოლოგიური კაბინეტები.

რაც შეეხება სტატისტიკას, მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსზე კიდევ 32 ადამიანის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს და მათგან ერთს ჩოვიდ – 19 დაუდგინდა. ამავე ცნობით, ის რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია. პაციენტს გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ, წერს “აფსადგილ ინფო”. გამოცემის ინფორმაციით, საკარანტინო ზონა დატოვა 8 პირმა, ისინიც მოსკოვიდან სოხუმში ჩასული კურსანტები არიან.

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გაგრაში 7 აპრილს დაფიქსირდა. ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 9 ადამიანი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს, 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა. 

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 879 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 724 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.