სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლით წაუყენა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
როგორც “კახეთის ხმას” საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, თავიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, თუმცა, საქმე გადაკვალიფიცირდა და დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.
გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 7 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში გიორგი ჭინჭარაულს მისივე თანასოფლელ ძმებთან შელაპარაკება მოუხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. შინაგამ საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაპირისპირების შემდეგ ჭინჭარაულმა შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა, მოგვიანებით მომხდარის შედეგად განაწყენებულმა შურისძიების მიზნით ძმებს დაუწყო ძებნა, რის შემდეგაც მათ შორის კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და გიორგი ჭინჭარაულმა განზრახ მოკვლის მიზნით დანით გ.ჭ.-ს და მ.ჭ-ს გულმკერდის და მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით წევრს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.