დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა, თავისივე მოგვარე ძმებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ცენტრში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მათივე თქმით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული თავს იცავდა და 40 წლამდე მამაკაცების მოგერიება ცივი იარაღით შეძლო.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
დაშავებულები ადგილობრივ სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გვიან ღამით ორივე თბილისის სპეციალურ კლინიკაში მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი – 1982 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – განმარტავენ სამინისტროში.