სიღნაღის რაიონულ სასამართლომ დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში „ქართული ოცნების” საკრებულოს წევრს, გიორგი ჭინჭარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში შეუფარდა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, გამოყენებულიყო გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით, არ გაითვალისწინა და სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას დაეთანხმა.
პროცესზე მომხდარი ინციდენტი თავად ბრალდებულმა. გიორგი ჭინჭარაულმა თქვა, რომ ის დისშვილთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან თანასოფლელი მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„ბავშვთან ერთად ვიყავი მაღაზიაში. ამ ბიჭებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. შემოვიდა ერთ-ერთი ძმა, გაგა ჭინჭარაული და მომმართა ძალიან აგრესიულად. გვარი დამისახელა სოფელში, ბიჭების, რას დადიხარ იმათთანო. ვუპასუხე, რომ საჯარო მოხელე ვარ, საკრებულოს წევრი და ვალდებული ვარ, ყველასთან მქონდეს ურთიერთობა-მეთქი. ისეთი აგრესიული იყო, ბავშვი სახლში გავუშვი. მისი ძმა გადმოვიდა მანქანიდან, თავიდან აჩერებდა, მაგრამ ორივე მიზეზს ეძებდა და არ ვიცი, რატომ. მეორემაც შემაგინა და დაიწყო ხელჩართული დაპირისპირება. მე დანის გამოყენების სურვილი რომ მქონოდა, მაშინვე დავჭრიდი. მცემეს, წიხლქვეშ გამიგდეს და ამის მერე სახლში წავედი. მეორე დღეს სხდომა უნდა გვქონოდა საკრებულოში. ამის გამო გავედი სახლიდან, დავით ალუღიშვილთან უნდა მივსულიყავი, საკითხების გასავლელად. გზაში შემხვდნენ ისევ და ჩვენ შორის ჩხუბი 10-15 წუთი გაგრძელდა. თავდაცვისა და მოგერიების მიზნით გამოვიყენე დანა”, – განმარტავს გიორგი ჭინჭარაული.
წინასასამართლო სხდომა 5 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ჭინჭარაულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
შემთხვევა 7 ივნისს, ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გიორგი ჭინჭარაულმა ორი თანასოფლელი ცივი იარაღით მას შემდეგ დაჭრა, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმები მას სოფლის ცენტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა დაცვის მხარე საქმის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ გიორგი ჭინჭარაული შემთხვევის დროს თავს იცავდა.