როგორ მოეწყოს საპირფარეშო – დავა ქარელის მერიასა და მშენებელ კომპანიას შორის კომპანიის სავ სიაში შეყვანით დასრულდა

833

როგორ მოეწყოს საპირფარეშო – დავა ქარელის მერიასა და მშენებელ კომპანიას შორის კომპანიის სავ სიაში შეყვანით დასრულდა. თემაზე სტატიას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

რუისის მეორე საჯარო სკოლის საპირფარეშოს ერთი შესასვლელი აქვს, რომლითაც დირექტორი, მასწავლებლები, გოგონები, ვაჟები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები სარგებლობენ.

რუისის მეორე საჯარო სკოლის საპირფარეშოს მშენებლობის მიზნით ტენდერი 2019 წლის ივლისში გამოცხადდა. საწყისი ფასი 49 000 ლარი იყო. “თოდამ” კონკურსში 43 000 ლარი მიუთითა, დააკმაყოფილა სატენდერო კომისიის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები და გაიმარჯვა. თუმცა, შემდეგ ამ სკოლის საპირფარეშოს მშენებლობას დიდი დაპირისპირება მოჰყვა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “თოდას”, რუისში სულ სხვა სიტუაცია დახვდა, ვიდრე პროექტით გათვალისწინებულ ნახაზებში იყო წარმოდგენილი.

“როგორც ჩანს, ეს ნახაზები ვინმეს დაახატინეს, უბრალოდ,” – ამბობს კომპანიის დირექტორი.

მისვე თქმით, “პროექტის მიხედვით ბიჭების, გოგონებისა და პედაგოგებისათვის განკუთვნილ საპირფარეშოებს ჰქონდა ერთი “კორიდორი”, რამაც გამოიწვია სკოლის ადმინისტრაციის უკმაყოფილება.

“აღნიშნულ პრობლემას დაემატა ისიც, რომ პროექტით გათვალისწინებული ზომებით შენობის მშენებლობა შეუძლებელი იყო, ვინაიდან სკოლის კედელსა და იქვე არსებულ ბეტონის ფილის ღობეს შორის არ იყო საკმარისი მანძილი მშენებლობისათვის. ასევე პროექტით გათვალისწინებული კონფიგურაციით მშენებლობას ხელს უშლიდა სარწყავი არხი, რომელიც საჭიროებდა მიმართულების შეცვლას. ადგილზე მივიყვანეთ მძიმე ტექნიკა, რათა მოგვეხდინა ბეტონის ფილის დემონტაჟი და არხის მიმართულების შეცვლა. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული გამოიწვევდა სავალი გზის დავიწროებას, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოჩენამ გამოიწვია მოსახლეობის პროტესტი და აღარ მოგვეცა სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა,” – აღნიშნავს კომპანია “თოდას” დირექტორი თორნიკე ალიბეგიშვილი.

მშენებელი კომპანიის დირექტორი პროექტის შეცვლას ითხოვდა, დააპირა კიდეც გაფართოება, თუმცა, სკოლის ღობის მოსაშლელად მიყვანილ ტრაქტორს ერთ-ერთმა მცხოვრებმა ქვები დაუშინა. მისი პროტესტის მიზეზი ის იყო, რომ სარწყავ არხში სკოლის საპირფარეშოდან გამდინარე წყალი მოხვდებაო.

მან ეს ინფორმაცია ქარელის მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა გულიაშვილს წერილობით აცნობა.

ამ განცხადების შემდეგ ქარელის მერმა რუისში გააგზავნა ინსპექტირების ჯგუფი. ჯგუფის წევრებმა მერი დაარწმუნეს იმაში, რომ კედელი და სარწყავი არხი არ საჭიროებდა დემონტაჟს და ყველაფერი განთავსდებოდა კედლის შიგნით.

იმის გამო, რომ რუისის საჯარო სკოლის პროექტი საქვეყნოდ ქილიკის საგანი არ გამხდარიყო, ქარელის მერიამ ახალი პროექტი შეადგინა, საპირფარეშოს მოცულობა დაპატარავდა, ხოლო ოთახები გაიტიხრა.

,,შენობა შემცირდა ზომებში ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ვერ ეტეოდა სკოლის კედელსა და ბეტონის ფილის ღობეს შორის. შემცირებული კონფიგურაციის ფარგლებში მოხდა ხარჯთაღრიცხვის შემცირებაც,” – განმარტავს კომპანიის დირექტორი.

სამუშაოები დაიწყო, დასრულების ვადები შეიცვალა, თუმცა, კომპანიასა და მერიის ზედამხედველობის სამსახურს შორის ურთიერთობა დაიძაბა:

,,მე ნორმალური ურთიერთობა მქონდა მერთან, მის მოადგილესთან, გუბერნიის წარმომადგენელთან, მაგრამ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ვინც ყავთ მანდ, ის, ჩემი აზრით, არის ყოვლად შესაბამო პიროვნება მაგ თანამდებობისთვის. მე ძალიან ბევრ რამეში ვამხილე მერიის ზედამხედველობის სამსახური და ამიტომაც ამითვალწუნეს”. – გვითხრა თორნიკე ალიბეგიშვილმა.

ვინ მოხვდება “შავი სიაში” საბოლოოდ
2020 წლის დასაწყისში ქარელის მერიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა და შავ სიაში კომპანია ,,თოდას” შეყვანა ითხოვა. ამის მიზეზად პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება მიუთითეს.

,,სამწუხაროდ ჩემი კომპანია არ და ვერ აღმოჩნდა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისათვის “მისაღები” კომპანია. იმ ფონზე როდესაც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო აცხადებს ტენდერს ისეთი პროექტით, რომლითაც ფატობრივად შეუძლებელია მშენებლობის წარმოება, ვინაიდან ადგილზე არ არის საკმარისი ფართი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია სრულად ცვლის არსებულ პროექტს და მიმწოდებელს ფაქტობრივად იძულებულს ხდის დათანხმდეს შეცვლილ გარემოებებს და შემდგომ დასრულებულ სამუშაოებს აფასებს თავდაპირველი ვადებისა და ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით და ამავდროულად ბრალს დებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეუსრულებლობასა და არაჯეროვან შესრულებაში, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერებაა. რამდენად კანონიერად მოახდინა შემსყიდველმა პროექტის ცვლილება თქვენ შეაფასეთ” – განმარტავს კომპანიის დირექტორი.

ქარელის მერიის ინსპექტირების ჯგუფი აცხადებს, რომ არ იყო მოწყობილი რკინა-ბეტონის რიგელი. კომპანიის დირექტორი კი გვაწვდის ფოტოს, სადაც ეს რიგელი ჩანს. თორნიკე ალიბეგიშვილის თქმით, რიგელი ინსპექტირების ჯგუფმა ან ვერ დაინახა, ან არ უნდოდა, რომ დაენახა.

საბოლოოდ, შპს ,,თოდა” შავ სიაში მოხვდა. მისი დირექტორი ამბობს, რომ ამისათვის ქარელის მერიის ინსპექტირების ჯგუფი სათანადო პასუხს აგებს.