ახალქალაქის სოფელ გომანში ეკლესიის ფასადთან უნებართვოდ მიმდინარე სამუშაოების გამო, სამარხები დაზიანდა. სპეციალისტებმა სამარხიდან ამოყრილი ადამიანის ძვლები დააფიქსირეს. ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სამართალდამცველებმა საკითხის მოკვლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე დაიწყეს.
საქმე ეხება 4 ივნისს, სოფელში მდებარე სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე გამოვლენილ მიწის უნებართვო სამუშაოებს.
„ადგილზე დათვალიერების შედეგად, უკვე დადასტურებულია ეკლესიის სამ (დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი) ფასადთან მიწის ფართობზე მძიმე ტექნიკით მუშაობის კვალი, რის გამოც დაზიანებულია ეკლესიის ეზოში მდებარე სამარხები. სპეციალისტების მიერ დაფიქსირებულია სამარხიდან ამოყრილი ადამიანის ძვლები, რომლებიც ტაძრის გარშემოა მიმობნეული. დაზიანებულია ეკლესიის შესასვლელთან არსებული ზღურბლის ქვაც“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, უცნობია ვინ ახორციელებდა სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. გამოძიების პარალელურად, სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ დადგინდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებათა ხარისხიც.