ახალქალაქის მერობის კანდიდატები კენჭისყრის დღეს აფასებენ

299

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა, 82.22% „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მიიღო, როგორ აფასებენ კენჭისყრის დღეს კანდიდატები და რა დარღვევებზე საუბრობენ ისინი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალქალაქში მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა, ერთ–ერთი ენმ–ს წარმომადგენელი მელიქ რაისიანია. იგი ამბობს, რომ არჩევნები მმართველმა გუნდმა ფულით იყიდა.

„თუ ხმებს მუქარით, შიშით და ფულით ყიდულობენ, არჩევნებს რატომ ატარებენ?!  მოსახლეობა როგორ იქნება კმაყოფილი, როცა არცერთი საკითხი, მათ შორის მოქალაქეობის, საკუთრების, წყლის, მიწების გადანაწილების პრობლემა არ მოგვარებულა“, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მელიქ რაისიანი.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი არსენ კარაპეტიანი ამბობს, რომ არჩევნების დღეს დარღვევები სოფლებში ფიქსირდებოდა. კარაპეტიანს მხარი 10.7%–მა დაუჭირა.

„კონკრეტულ სოფლებში იყო დიდი პრობლემები და დარღვევები, მაგრამ მთლიანობაში დარღვევების გათვალისწინებით, რეალობა ის არის, რომ მოიგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა. პროპორციულ სიას რაც შეეხება, პროცენტები გვაქვს და შევალთ საკრებულოში. დარღვევების ფონზე, ხალხის ნება ეს იყო“, – აცხადებს არსენ კარაპეტიანი.

არჩევნების დღის შეფასებასთან დავუკავშირდით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, მელქონ მაკარიანსაც, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა: „არ მცალია“, – გვითხრა მან.

N40 ახალქალაქის ოლქში 71–ვე უბნის მონაცემები დათვლილია. წინასწარი შედეგებით, ახალქალაქში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, მელქონ მაკარიანი იმარჯვებს. მან უბნებზე მისული ამომრჩეველთა ხმების 82.22% მიიღო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ–ერთი პირველია, სადაც არჩევნების დღეს ხმები ყველაზე სწრაფად დაითვალეს. 71 უბნის შემაჯამებელი ოქმები, ცესკოს ვებგვერდზე უბნების დახურვიდან 5 საათში აიტვირთა.