ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს”თავმჯდომარე ბათლომე შელია წინააღმდეგია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ნიშა განთავსდეს. მისი თქმით, არ იმყოფება ქალაქში და ამ მიზეზით ვერ ესწრება სხდომას, სადაც საკრებულო იმსჯელებს ნიშის განთავსებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხზე. ამბობს, რომ დასწრების შემთხვევაში ხმას წინააღმდეგ მისცემდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მან ფრექსკის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელშიც გააკეთა, სადაც ალტერნატიული წინადადები განუხილველობის გამო აკრიტიკებს, როგორც საპატრიარქოს ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას:
„ცუდია რომ საპატრიარქომ და მეუფემ არ გაითვალისწინეს ყველა ის კონტრარგუმენტი რაც გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ცუდია, რომ ალტერნატიულ ფართზე არც იფიქრეს და ჯიუტად მაინც არ დათმეს პოზიცია. უკეთესი წინადადება გვქონდა და არ გაითვალისწინეს. არც ხელისუფლება ეცადა მოლაპარაკებას და დღეს მორჩილად დაუხრის თავს ამ მოთხოვნას. ცუდია ქალაქის მართვა რომ გაბარია და არგუმენტირებული წინააღმდეგობის გაწევა არ შეგიძლია, ქალაქისთვის უკეთესი გადაწყვეტილების სასარგებლოდ. დღეს არ ვარ ქალაქში და რომც ვიყო აღარ ვაპირებ მეტი ამ თემაზე დავას. საკმარისად გევედრეთ და გედავეთ უშედეგოდ. არც ტრაგედიას არ ვქმნი უკვე ამით, თუმცა ბოლომდე მაინც იმედი მქონდა, რომ ხელის გადაგრეხვის ნაცვლად საღად მიუდგებოდით, აქამდე არ მოიტანდით და ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებაზე შეჯერდებოდით…“, – აცხადებს ბათლომე შელია.
ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას სურს. ეპარქიამ 20 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის პროექტის განხილვა გამართა, სადაც გამოითქვა მოსაზრებები, რომ თავისუფლების მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის ეწოდოს.
ცენტრალურ მოედანზე ფრესკის განთავსების შესახებ საზოგადოებაში აზრთა სახვადასხვაობაა. ყოფილი პარლამენტარი ოთარ ჭითანავა აცხადებს, რომ ზუგდიდი ვატიკანი არ არის და მოედანზე ფრესკის დადგმის ნაცვლად სხვა იდეები აქვს.
მანამდე, საკრებულოს დეპუტატი უმრავლესობიდან სანდრო სორდია ერთ-ერთ სხდომაზე მოზაიკის მაცხოვრის კარის ეკლესიასთან განთავსების ინიციატივით გამოვიდა.
მერიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ. ფრესკის დადგმის ადგილი ეპარქიის წარმომადგენლებმა ივნისში მერთან ერთად დაათვალიერეს.