ნინოწმინდის სოფელი ყაურმა კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო, შესაძლოა, ჩაიკეტოს

777

წინა სტატია

მერის წარმომადგენელი სოფელ ყაურმაში ეგორ თოროიანი ამბობს, რომ ბრძანება სოფლის ჩაკეტვის შესახებ უკვე მიიღეს. მისი განმარტებით, 44 წლის კაცს, რომელიც გუდაურის საკარანტინო სივრციდან კორონავირუსით ინფიცირებული გამოუშვეს, სოფელში თითქმის ყველა მოსახლესთან ჰქონდა კონტაქტი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ჯერ ჩაკეტილი არ არის სოფელი, მაგრამ ვემზადებით რომ ჩაიკეტოს, ბრძანება უკვე მიღებულია“, – აცხადებს სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელი.

სოფელში ადგილობრივები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, რომ სახლიდან გარეთ არ გამოვიდნენ.

ყაურმაში მომხდართან დაკავშირებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი ჩატარდა. მერმა, ანივარდ მოსოიანმა კი განაცხადა, რომ მითითებებს ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში კომენტარს არ აკეთებენ.

ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ტიგრან ეგოიანმა კი განაცხადა, რომ 44 წლის კოვიდინფიცირებული კაცი ყაურმაში ორი თანასოფლელის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

„სულ რაღაც დღე ნახევარი იყო ეს ადამიანი სოფელში, მაგრამ ორ გასვენებას დაესწრო“, – ამბობს ეგოიანი და ამატებს, რომ ინფიცირებულის ოთხი ოჯახის წევრი ახალციხის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ინფიცირებული კაცი გასვენებაში ნამდვილად იყო, თუმცა მასთან ახლო კონტაქტი არ ჰქონიათ.

კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის კაცი, გუდაურის საკარანტინო სივრციდან ყაურმაში 31 მაისს დაბრუნდა. ორი დღის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, პოლიციის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სოფელში მერის წარმომადგენლის განცხადებით, საკარანტინო სივრცეში ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ და შეცდომით სახლში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე გაუშვეს.

ყაურმაში 300–მდე ადამიანი ცხოვრობს, მერის წარმომადგენელი ეგორ თოროიანი აცხადებს, რომ ინფიცირებულს ოჯახის წევრების გარდა, თითქმის ყველა მოსახლესთან ჰქონდა კონტაქტი.

მასალის გამოქვენების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები კაცის ანალიზები ექიმებს არ შეშლიათ და იგი მხოლოდ ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს საკარანტინო ზონიდან, მაშინ როცა მეორე ტესტი სუსტად დადებითი იყო.