ჯანდაცვის ცენტრი: 44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა

1283

წინა სტატია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ნინოწმინდაში, სოფელ ყაურმაში მცხოვრებ კაცს, რომელიც გუდაურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და შეცდომით სახლში გამოუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულის ოჯახის წევრები კარანტინში გადაიყვანეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ტიგრან ეგოიანის თქმით, მამაკაცის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე “სუსტი დადებითია”.

„ტესტის პასუხი დადებითია, ოჯახის წევრები ახალციხის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სოფელი თვითიზოლაციაშია, ველოდებით ჯგუფს, სოფელში რომ მივიდეთ, ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი“, –ამბობს “სამხრეთის კარიბჭესთან” ტიგრან ეგოიანი.

საქმე ეხება 44 წლის ყაურმაში მცხოვრებ კაცს, რომელმაც რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, 18 დღიანი კარანტინი გუდაურის ერთ–ერთ სასტუმროში გაიარა და სოფელში 31 მაისს დაბრუნდა.

მერის წარმომადგენლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იგი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ექიმებმა კი ეს მისი სახლში გაშვებიდან, ორი დღის შემდეგ გაარკვიეს.

ინფიცირებული კაცი სოფლიდან ორ ივნისს, სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა პოლიციის თანხლებით გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელი ეგორ თოროიანი აცხადებს, რომ 44 წლის კაცს ოჯახის წევრების გარდა, 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.