რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა ხარაგაულის საავადმყოფოში ორი თვის სახელფასო დავალიანება გაისტუმრა. დავალიანების მქონე თხუთმეტ თანამშრომელს, 3 ივნისის მდგომარეობით, ხელფასი 2020 წლის პირველ იანვრამდე აქვთ აღებული.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბოლქვაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, როდის შეძლებენ დარჩენილი დავალიანების დაფარვას.
მისი ინფორმაციით, საავადმყოფოდან რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში გადაგზავნილი ინფორმაციის შესწავლა, ჯანდაცვის მინისტრის #36 დადგენილების მიხედვით, 90 დღე გრძელდება. ამ დადგენილების მიხედვით, ხარაგაულის საავადმყოფოს პერსონალს აპრილში იანვრის ხელფასი უნდა მიეღო, მაისში თებერვლის და ა. შ.
„ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, რომ ხარაგაულის საავადმყოფო გლობალურ დაფინანსებზე გადავიდეს და საკუთარ შემოსავლებზე აღარ იყოს დამოკიდებული, – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე, – თუმცა, ამ სიტუაციამ ცოტა აგვრია, კორონავირუსზე ვართ ყველა გადართულები. ეს პროცესია და მალე ვერ გადაწყდება“.
ხარაგაულის საავადმყოფოს დირექტორის, გიორგი ამურველაშვილის ინფორმაციით, ხელფასები ყოველ თვეში გაიცემა. თუმცა, სახელფასო დავალიანების დაფარვის გრაფიკი მისთვისაც უცნობია.
გამოცემა წერს, რომ საავადმყოფოს თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების შესახებ ადრეც გუშუქებიათ და რედაქციამ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორ ნუგზარ ბოლქვაძის წერილი მიიღო.