ხარაგაულის საავადმყოფოში ექვსთვიანი სახელფასო დავალიანება არ მცირდება

960

ხარაგაულის საავადმყოფოში თხუთმეტი თანამშრომელი ექვსი თვის სახელფასო დავალიანებით მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა ჩემი ხარაგაული წერს. 

მედპერსონალი ამჯერად 2019 წლის ნოემბრის ხელფასის ჩარიცხვას ელოდება.

ისედაც მიზერული ანაზღაურების მქონე, უხელფასოდ დარჩენილ თანამშრომლებს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბოლქვაძე მას შემდეგ შეხვდა, რაც მათ გასული თვეების ანაზღაურება მოითხოვეს.

„ნოემბრის ხელფასს მაისში ველოდებით და ეს სამართლიანია?! – კითხულობენ ხარაგაულის საავადმყოფოს თანამშრომლები, – ვერც ერთი პაციენტი ვერ იტყვის, რომ არაჯეროვნად ვემსახურებით. ხშირად იმაზე მეტს ვმუშაობთ, ვიდრე გვევალება. თუმცა, ექვსთვიანი სახელფასო დავალიანება არ მცირდება.

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბოლქვაძე ამბობს, რომ „ხარაგაულის საავადმყოფოს შემოსავლები ხარჯებს მთლიანად ვერ ფარავს და ყოველთვიურად 15-20 ათასი ლარის დამატებაა საჭირო.

საავადმყოფოდან რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში გამოგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლას 90 დღე სჭირდება. ამიტომ ხელფასებს თვე-თვეზე ვერ გავცემთ. თუმცა, თანამშრომლები ანაზღაურებას თვეში ერთხელ იღებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი თვისას; მთავარია, თვე არ ჩავარდეს და ხელფასი ყოველთვიურად გაიცეს“, – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე.

მისივე ინფორმაციით, „ხარაგაულის საავადმყოფო, შესაძლოა, გლობალურ დაფინანსებაზე გადავიდეს, ისევე, როგორც მაღალმთიანი ზონების საავადმყოფოები.

გლობალური დაფინანსების პირობებში საავადმყოფო იმდენ დაფინანსებას იღებს, რამდენიც ხარჯების დასაფარად არის საჭირო და საკუთარ შემოსავლებზე არაა დამოკიდებული. ხარაგაულის საავადმყოფოს გლობალურ დაფინანსებაზე გადაყვანის მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროშია გაგზავნილი“.

ხარაგაულის საავადმყოფოში გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მედპერსონალს თებერვალში ხელფასი საერთოდ არ მიუღია, ხოლო ნოემბრის ხელფასი 5-6 თანამშრომელს ჩაერიცხა.

ნუგზარ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხებს გაარკვევს.

ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალის ექვსთვიანი დავალიანება კვლავ პრობლემად რჩება.