რეხვიაშვილი: თეთრიწყაროში ბლოკ-პოსტები გაუქმდა

578

წინა სტატია

თეთრიწყაროში ძალიან შრომატევადი სამუშაო იყო გაწეული ყველა უწყების, სამხარეო რგოლის და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხალისეებისგან, რომლებიც ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდნენ თავიანთი ჯანმრთელობის რისკის ფასად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბლოკ-პოსტის გაუქმებისა და საკარანტინე რეჟიმის მოხსნაზე საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კარანტინის რეჟიმი მხოლოდ ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში მოქმედებს და თუ დაავადების გავრცელების დინამიკა შეიცვლება, შეზღუდვები იქაც მოიხსნება.

„ეს იყო ბოლო მუნიციპალიტეტი, სადაც ამ დრომდე მოქმედებდა საკარანტინო შეზღუდვები. მე ვულოცავ მოსახლეობას. შეზღუდვის მოხსნის საფუძველი გახდა ის დინამიკა, რომელიც სტაბილური იყო. ჩვენ 55 ინფიცირებული გვყავდა თეთრიწყაროში და აქედან მხოლოდ 5 რჩება კლინიკაში. 900-მდე საკვლევი მასალა იქნა გადაგზავნილი ლაბორატორიაში. ყველაფერმა ამან, ერთიანმა ძალისხმევამ მოგვცა საშუალება იმისთვის, რომ ეს შეზღუდვები გაუქმებულიყო. მთლიანად მხარეში გვრჩება მხოლოდ ორი სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში – მუშვანი და გეტა, სადაც ასევე მიდის კვლევები, დაკვირვება. როგორც კი იქნება საფუძველი იმისთვის, რომ შეზღუდვები მოიხსნას ამ დასახლებულ პუნქტებში. ბუნებრივია, იქაც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ეს იყო ძალიან შრომატვადი სამუშაო გაწეული ყველა უწყების, სამხარეო რგოლის და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხალისეებისგან, რომლებიც ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდნენ თავიანთი ჯანმრთელობის რისკის ფასად. მე მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამ შედეგისთვის და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, რომ შევინარჩუნოთ ეს სტაბილურობა“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ქორიძის განცხადებით კი, სამივე ბლოკ-პოსტი გაუქმდა და შეზღუდვის მოხსნა საშუალებას აძლევს თეთრიწყაროში კარანტინის დროს ჩარჩენილ მოქალაქეებს, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს.

„თეთრიწყაროში მოიხსნა საკარანტინო შეზღუდვები, განხორციელდა სამივე ბლოკ-პოსტის დემონტაჟი. 41 ადამიანი იყო ჩარჩენილი თეთრიწყაროში საქართველოს სხავადასხვა ქალაქებიდან და ვერ ახერხებდნენ გასვლას, რაც ძალიან დიდი დისკომფორტი იყო მათთვის. დღეიდან მათ საშუალება აქვთ, რომ დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებს. მართალია, დღეს გაიხსნა თეთრიწყარო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია და აღარ არსებობს. ამიტომ იმ ზომებს, რასაც აქამდე ვატარებდით პრევენციის მიზნით, კვლავ გავატარებთ. ეს იქნება თერმოსკრინინგი თუ საინფორმაციო კამპანია, ასევე ტესტების აღება ანუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან არ მოხდეს ადგილზე ეპიდაფეთქება“, – განაცხადა გიორგი ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.