ნინოწმინდაში მერის წარმომადგენელი: ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს

939

ნინოწმინდაში მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკარანტინო სივრცეში ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ და შეცდომით სახლში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე გაუშვეს. მომხდარს ადასტურებენ ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ნინოწმინიდს მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში მცხოვრები მოქალაქე რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა, მან 18–დღიანი კარანტინი გუდაურის ერთ–ერთ სასტუმროში გაიარა და სოფელში 31 მაისს დაბრუნდა.

როგორც სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელი ეგორ ქოთოიანი აცხადებს, 44 წლის კაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ექიმებმა კი ეს მისი სახლში გაშვებიდან, ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

„საკარანტინო ზონაში დაუკარგავთ ტესტები, მომხდარა გაუგებრობა და პირი კარანტინიდან გაუწერიათ სრულიად ჯანმრთელი ადამიანივით. ეს კაცი უკვე 20 დღეა საქართველოში იმყოფება არანაირი სიმპტომი არ ჰქონია, აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობდა თავს. თვითონაც უკვირს როგორ დაინფიცირდა. ის საქართველოში მარტო არ შემოსულა, დაახლოებით 10 კაცთან ერთად იყო და სხვებს, მის მეგობრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ“, – ამბობს რწმუნებებული ეგორ თოროიანი.

მისი თქმით, ინფიცირებული კაცი სოფლიდან დღეს, ორ ივნისს, 14:00 საათისთვის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა პოლიციის თანხლებით წაიყვანა.

იმ ფაქტს, რომ საკარანტინო სივრცეში ანალიზის პასუხები აერიათ, ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტშიც გვიდასტურებენ.

„როცა მიხვდნენ, რომ ტესტების პასუხები აერიათ, ჩამოვიდნენ და ინფიცირებული მოქალაქე წაიყვანეს. მე როგორც ვიცი თბილისიდან ჩამოვიდნენ“, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ტიგრან ეგოიანი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ ინფიცირებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„სამხრეთის კარიბჭე“ ვითარების გასარკვევად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელს ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა, კითხვის დასმის შემდეგ მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა და ტელეფონი გაგვითიშა.