“ჯივიპიმ” თბილისის 30 ქუჩაზე სარეაბილიტაციო პროექტები დაასრულა

446

„ჯივიპიმ“ დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი 30 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კომპანიამ შექმნილ ვითარებაში ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით შეუფერხებლად შეასრულა სამუშაოები და მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილ ვადაში განახორციელა.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ჭავჭავაძის გამზირზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, ნოე ხომერიკის, ლესელიძის, ლეჟავას და რადიანის ქუჩებზე. საგანგებო რეჟიმში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შეიცვლა 31 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ჯამურმა ინვესტიციამ 20 მლნ ლარი შეადგინა.

,,ჩვენი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, ის რომ წარმატებით და დაგეგმილ ვადაში დავასრულეთ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები, მათ შორის ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია. სრულად განვაახლეთ 10 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების სისტემა, რაშიც 10 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ასევე საგანგებო რეჟიმის პირობებში დავასრულეთ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა 7,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. აღნიშნული პროექტები დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით მათ შესრულებას,“ – განაცხადა “ჯივიპის” ტექნიკურმა დირექტორმა ზურა ალფაიძემ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აგრძელებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალი პროექტების განხორციელებას. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილია ურიდიას, ორთაჭალის, ჭოველიძის და ლეჩხუმის ქუჩებზე.