ახალციხის ტბაზე გარე განათება დაზიანებულია, წყლის დონე კი მნიშვნელოვნადაა დაკლებული, ადგილობრივებს ჭაობის სუნი და ჩაბნელებული ველობილიკი აწუხებთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ტბის გარშემო 16 განათებაა დაზიანებული, არ მუშაობს წყლის ველოსიპედები. ბილიკის მიმდებარედ, სადაც ყოველდღიურად ათობით ბავშვი სეირნობს ბალახი გათიბული არ არის.
ახალციხის ტბაზე ადგილობრივების რაოდენობამ განსაკუთრებით ე.წ კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ იმატა.
„მთელი ქალაქი აქ სეირნობს, საღამოობით გვერდს ვერ აუვლი იმდენი ხალხია, ყველა წუხს, რომ ჭაობის სუნია, ზოგი მონაკვეთი ისეა ჩაბნელებული, რომ გვეშინია ბავშვები წყალში არ ჩაცვივდნენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.
ახალციხის ხელოვნური ტბის ტერიტორიის მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ახალციხის წყალმომარაგება და წყალანირებაა“, მისი ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძე ამბობს, რომ გარე განათების შეკეთებას ორ დღეში შეძლებენ, რაც შეეხება წყლის დონის დაწევას, ეს შადრევნების რებილიტაციას უკავშირდება.
„იგეგემება შადრევნების გაკეთება, ველოდებით სპეციალისტებს, ისინი ნახავენ რა არის დაზიანებული, გამოსაცვლელი და გასაკეთებელი. წყალში არსებული ძრავები და ტუმბოები ამოვიტანეთ, ყველაფერი თბილისში უნდა წავიღოთ, თუ დაექვემდებარება აღდგენას შევაკეთებთ, თუ არა, ახალი უნდა შევიძინოთ“, – აცხადებს გიორგაძე და ამატებს, რომ ამ ეტაპზე არ იციან რამდენი ლარი დაჭირდება შადრევნების აღდგენას და როდის გამოაცხადებენ ტენდერს.
გიორგაძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სპეციალისტები დაზიანებულ შადრევანს შეამოწმებენ, ტბაში წყალს კვლავ შეუშვებენ, აღდგება თევზაობაც.
„როგორც კი შევუშვებთ, ორ დღეში მოიმატებს წყლის დონე და მერე ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ბალახიც მოსაწესრიგებელია, უნდა შევწამლოთ, წყლის ველოსიპედებსაც და ნავებსაც შევუშვებთ“,- ამბობს გიორგაძე.