რამდენიმე დღის წინ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ ონელებს ახალი მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ჩიკვაიძე წარუდგინა. მან თანამდებობაზე ემზარ საბანაძე შეცვალა.
დავით ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმები აქვს. ჩიკვაიძესთან ინტერვიუ “რეგიონულმა კვირამ” ჩაწერა.
“მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 2 კვირაა გასული ჩემი დანიშვნიდან, მაინც მოვასწარი თითქმის ყველა თანამშრომელს შევხვედროდი. ბევრ შემთხვევაში რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, ისინი კარგი პროფესიონალები არიან. ჩემთვის მიუღებელია შეხედულება -“თუ საქმე არ კეთდება, ეს დაბალი რგოლის ბრალია“, არა, პირიქით- ვფიქრობ, რომ მეტი წილი პასუხისმგებლობა მაღალი რანგის მქონე ადამიანებზე მოდის. თუ პროფესიონალ ადამიანთა რესურსს სწორად მივმართავთ,შედეგებსაც გაცილებით მეტს მივაღწევთ.”
ონელების ძალიან მადლობელია, რადგან ყოველ წუთს გრძნობს მათგან პოზიტიურ დამოკიდებულებას და ამბობს, რომ ეს პასუხისმგებლობას უზრდის და ძალას მატებს. მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად დასაქმებას და მიგრაციას მიიჩნევს.
“პირდაპირ გეტყვით-დასაქმებისა და მიგრაციის დიდი პრობლემაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ონის არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული ბუნების შენარჩუნების ხარჯზე, გაიზარდოს ინვესტიციები, დაფინანსდეს პროექტები და პროგრამები. აქედან წასული ადამიანები უკან უნდა დავაბრუნოთ, მაგრამ აქ დაბრუნებულებს სჭირდებათ აუცილებელი წინაპირობები, რომელიც ცხოვრების საშუალებას მისცემს”, – აცხადებს ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი.
დავით ჩიკვაიძე განათლებით სამართლის დოქტორია, მისი სამუშაო გამოცდილება კი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას უკავშირდება.
შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ უფლებამოსილება ვადაზე ადრე აპრილში შეიწყვიტა. მასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ.
„რეგინფომ“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ემზარ საბანაძეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახაბერ საბანაძის მამაა, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე და გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ენუქიძე-ჯაფარიძემ ემზარ საბანაძის იძულება – უფლებამოსილება ვადამდე შეეწყვიტა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დახმარებით მოახერხეს.