ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

632

პანდემიის პერიოდში, ახალციხის მერის წარმომადგენლების სოფლებში გადასაადგილებლად, თვითმმართველობამ საწვავი გამოყო. თითოეული მათგანი თვეში 100 ლიტრს იღებს. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებმაც საწვავი მართვის მოწმობის უქონლობის გამო ვერ მიიღეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხის მერს სულ 19 წარმომადგენელი ჰყავს, მათგან ოთხი ქალაქ ახალციხეში, ერთი ვალეში, 14 კი, მუნიციპალიტეტის სოფლებში.

თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმომადგენლებისთვის საწვავის ხარჯი გამოიყო, თუმცა რწმუნებულების ნაწილი, რომლებსაც მართვის მოწმობა არ აქვთ, საწვავის გარეშე დარჩნენ. სულ რამდენმა წარმომადგენელმა ვერ მიიღო საწვავი ჩვენთვის უცნობია რადგან, მერიასა და საკრებულოში განსხვავებულ რაოდენობებს ასახელებენ. საკრებულოში ამბობენ, რომ ასეთი ოთხი წარმომადგენელია, მერიაში კი ამბობენ, რომ – ორი.

„პანდემიის დროს, კარანტინის გამო, გადაადგილება ყველას არ შეეძლო, წარმომადგენლების უფლება მივეცით, რომ ესარგებლათ საკუთრებაში არსებული მანქანებით და საწვავი მივეცით. ამან გამოიწვია ის, რომ ოთხ ადამიანს, ვისაც არ ჰყავდა საკუთრებაში მანქანა და შესაბამისად, მართვის მოწმობაც არ ჰქონდა, მათ ვერ მივეცით, ამას იყენებენ მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ განაწილება არასამართლიანია და მერიამ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციოს: „იმის გამო, რომ მართვის მოწმობა არ ჰქონდათ, ოთხი-ხუთი რწმუნებული დარჩა საწვავის გარეშე. ზოგი ქალია და არ აქვს [მართვის მოწმობა] იურიდიულად არ არის შესაძლებელი, რომ მათაც მიიღონ რაღაც? ეს საკითხი უნდა გასწორდეს, თუ საწავავს ვერ ვაძლევთ, მაშინ ხელფასი დაემატოთ. კვირის ბოლომდე იყოს ამაზე პასუხი“, – განაცხადა 27 მაისის საკრებულოს სხოდმაზე დეპუტატმა ამბარცუმ ბაბოიანმა.

მის აზრს ეთანხმება დეპუტატი ზოია ბალიაშვილიც: „რა მნიშვნელობა აქვს იმას, მოწმობა აქვს თუ არა, რწმუნებული ხომ არის?! მე მაქვს ბენზინი, ჩაგისხამ შენ და გავაკეთებ ჩემს საქმეს. როცა არც ბენზინი მაქვს, არც მანქანა მყავს, რა გავაკეთო, სად წავიდე? არასწორია, მე ასე ვფიქრობ. დადგეს საკითხი მერიაში და მოგვახსენონ მერე რატომაა ასე და რატომ არ არის ისე“, – განაცხადა ბალიაშვილმა.

ახალციხის მერიაში ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მერის წარმომადგენლების ნაწილს მათთვის განსაზღვრული საწვავი არ მიუღიათ: „გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ გარკვეული კატეგორია, რომლებსაც არ ჰქონდათ მართვის მოწმობა, მათთვის საწვავი გადაცემული არ არის“, – განმარტა საკრებულოს სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ბაია იველაშვილმა.

რომელმა წარმომადგენლებმა ვერ მიიღეს საწვავი და რა მიზეზით, ახალციხის მერიაში ვერ აკონკრეტებენ. მათი თქმით, ვინც დოკუმენტაციას სრულყოფილად წარმოადგენს, საწვავს მიიღებს, თუმცა კონკრეტულად რას მოიცავს „სრულყოფილი“ დოკუმენტაცია, უცნობია:

„იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენლების მხრიდან დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა მოხდება, მერია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებენ მერიაში.

ასეთივე პრობლემაა ახალციხის საკრებულოშიც, სადაც სულ 33 დეპუტატია, მათგან 16 თანამდებობის პირი (საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე) და 17 თანამდებობის გარეშე. საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებიც თანამდებობის პირები არიან, თვითმმართველობიდან ყოველთვიურად 150-200 ლიტრის ოდენობით საწვავს იღებენ. თუმცა საწვავის გარეშე აქაც ორი დეპუტატია დარჩენილი: ბონდო ტალახაძე და თამარ გოგოლაძე.

„ჩვენ იმის საშუალებაც მივეცით დეპუტატებს, რომ ხელშეკრულება გაეფორმებინათ ნებისმიერთან და თუ წარმოადგენდა ამ დამადასტურებელ საბუთს, საწვავსაც მიიღებენ. არავის ჰქონია ეს შეზღუდვა. გაწერილია თვეში 150 და 200 ლიტრი, რა საწვავს მოიხმარ მანქანაზე, იმის მიხედვით არის ლიმიტირებული საწვავი. ბონდო ტალახაძეს მართვის მოწმობა აქვს, მაგრამ არ ჰყავს საკუთრებაში მანქანა. თუ სურვილი ექნებოდა ზეპირ გარიგებას გააფორმებდა ვინმესთან და მოემსახურებოდა ის“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

ამ საკითხზე საკრებულოში ხმაური 2019 წლის ოქტომბერშიც იყო.

თანამდებობის პირ საკრებულოს წევრებზე საწვავი 2019 წლის ივლისში გაიწერა.