ანაკლია-განმუხურში ტურისტული სეზონისთვის სამზადისი მიმდინარეობს

1491

ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან, გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ენგურის შესართავთან კაფე-რესტორნის რეაბილიტაციის პროცესი. კაფე-რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაკეთდა შემინვა, გაიწმინდა და შეიღება შენობა. სამუშაოების დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 2 129 650 ლარს შეადგენს.

ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარეობს ბულვარისა და სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები, ასევე წესრიგდება აკვაპარკის ტერიტორია.